მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი

საქართველოს ნაკრები ესპანეთთან მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ნაკრები
gff.ge

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრას, საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად, ესპანეთში გამართავს. თემურ ქეცბაიას გუნდში ცვლილებებია, თუმცა მთავარი სიახლე პორტუგალიური ჟილ ვისენტეს 22 წლის შემტევი ნახევარმცველის, ავთანდილ ებრალიძის გამოძახებაა.

ებრალიძე პორტუგალიაში მშობლებთან ერთად საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ წავიდა, მისი პირველი კლუბი ლაგოს დე ესპერანსა იყო, შემდეგ ესპანური ხეტაფეს ახალგაზრდულ გუნდშიც ირიცხებოდა. ჟილ ვისენტემდე, ქართველმა ფეხბურთელმა ჟუვენტუდ ევორასა და ოლივეირენსეში თამაში მოასწრო.

ტრავმის გამო, ნაკრებს ალექსანდრე ამისულაშვილი ვერ დაეხმარება, რომელსაც ალექსანდრე კვახაძე შეცვლის. გუნდთან ერთად, მწვრთნელის გადაწყვეტილებით, აღარ არის ირაკლი მაისურაძე.

ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ცნობით, სქართველოს ნაკრებისა და დელეგაციის ნაწილი ესპანეთში დღეს გაემგზავრება. ლეგიონერთა ძირითადი ნაწილი პირდაპირ ალბასეტეში ჩავა, სადაც ნაკრები მზადებას 11 ოქტომბერს დაიწყებს. 

მატჩი საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის ალბასეტეში, 15 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები