ახალი ავტომობილების შეძენა

შემოსავლების სამსახური ახალი ავტომობილების ყიდვას 1 250 000 ლარად აპირებს

საქართველოს შემოსავლების სამსახურმა სექტემბერ-ოქტომბერში ახალი ავტომობილების შესყიდვის მიზნით არაერთი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერების უმრავლესობა ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც შემოსავლების სამსახურს რამდენიმე ათეული ახალი ავტომობილი ეყოლება. სახელმწიფო უწყება ახალ ავტომობილებში ჯამში 1 250 000 ლარამდე გადახდას გეგმავს.

შემოსავლების სამსახურმა ტენდერი 24 ახალი მსუბუქი ავტომობილის შესყიდვაზე 25 სექტემბერს გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტების მიღება 16 ოქტომბერს შეწყდება. როგორც სატენდერო პირობებიდან ირკვევა, უწყებამ გადაწყვიტა, რომ მის ბალანსზე არსებული 2005-2009 წლებში გამოშვებული ავტომობილები, რომლებსაც აღენიშნებათ სხვადასხვა სახის ვიზუალური დეფექტი (მაგალითად, სამღებრო სამუშაოების კვალი), ჩაანაცვლოს 2013 წელს გამოშვებული ავტომობილებით.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შემოსავლების სამსახური ახალი ავტომობილების სანაცვლოდ სწორედ აღნიშნულ ძველ ავტომობილებს გადასცემს, რომელთა საერთო ღირებულება 142 900 ლარია. სახელმწიფო უწყება სხვაობას თავისი შემოსავლებით დაფარავს.

ჯერჯერობით დასრულებული არ არის 25 სექტემბერს გამოცხადებული ტენდერი. შემოსავლების სამსახური ამ ტენდერით 7 ახალი ავტომობილის ყიდვას საშუალოდ 182 000 ლარად გეგმავს.

15 ოქტომბერს დასრულდება 2 ტენდერი. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შემოსავლების სამსახურს სურს 2 მსუბუქი ავტომობილის ყიდვა 85 000 ლარად და 5 ფურგონიანი მსუბუქი ავტომობილის ყიდვა 123 000 ლარად.

შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცხადებულ 2 ტენდერზე განაცხადების მიღება 11 ოქტომბერს სრულდება. უწყება მაღალი გამავლობის 5 ავტომობილის დაახლოებით 180 000 და 6 მიკროავტობუსის 274 000 ლარად შეძენას გეგმავს. 

შემოსავლების სამსახურმა ტენდერი რამდენიმე კვირის წინ კიდევ გამოაცხადა. უწყებას ამჯერად 2 ტვირთმზიდის ყიდვა სურს დაახლოებით 100 000 ლარად.

კომენტარები