საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტი

ბიუჯეტის პროექტით, 2014 წელს რამდენიმე უწყებას დაფინანსება უმცირდება

2014 წლის საბიუჯეტო პროექტის მიხედვით, დაფინანსება უმცირდებათ ეკონომიკის, იუსტიციის, სასჯელაღსრულების, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი მომავალ წელს 37,5 მილიონი ლარით შემცირდება და 891 მილიონი ლარი გახდება. 21,4 მლნ ლარით მოიკლებს იუსტიციის სამინისტროს, 19,3 მლნ ლარით კი - სასჯელაღსრულების სამინისტროს დაფინანსება. იუსტიციის სამინისტროს დაფინანსების შემცირება ახალი იუსტიციის სახლების მშენებლობებზე უარის თქმამ განაპირობა. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა განმარტა, 2013 წელს დაახლოებით 25 მილიონი ლარის მოცულობით გათვალისწინებული იყო ახალი იუსტიციის სახლების მშენებლობა და ძველის დასრულება.

"წელს ამ მიმართულებით თანხები ვერ დაიხარჯა, გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოესწრო. მომავალ წელს კი, იუსტიციის სახლების ასეთი მასშტაბური მშენებლობები არ იგეგმება", - აღნიშნა თაბუაშვილმა. 

სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის თქმით კი, სასჯელაღსრულების სამინისტროს ბიუჯეტი პატიმართა რაოდენობის კლების გამო შემცირდა. ამასთან, მინისტრის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისათვის სასურველი იქნება, თუ მომავალი წლის ბიუჯეტში მცირე კორექტირება მოხდება. სუბარის განმარტებით, მიმდინარე წელს სამინისტროს ბევრად მაღალი ბიუჯეტი ჰქონდა წინა წლებთან შედარებით. მისი თქმით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 174 მილიონზე ცოტა მეტი იყო.  

2014 წლის საბიუჯეტო პროექტის მიხედვით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება 30 მლნ ლარით შეუმცირდება და 25 მლნ ლარი გახდება. დაფინანსება 15 მილიონი ლარით შეუმცირდება ენერგეტიკის სამინისტროსაც.

თავდაცვის, კულტურის, შინაგან და საგარეო საქმეთა სამინისტროებისთვის განკუთვნილი ასიგნებები უცვლელი რჩება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ხელფასები გაისად ჯამურად 33,9 მილიონი ლარით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კი - 721 ათასი ლარით გაიზრდება.  

 

კომენტარები