საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მთავარ პროკურატურას მოქალაქე დავით კაპანაძის საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მოქალაქე დავით კაპანაძეს პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს, რის შედეგადაც მან სხეულის დაზიანებები მიიღო.
"ჩვენ მოვინახულეთ დავით კაპანაძე, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ კაპანაძემ აღნიშნა, რომ პროფესიით ქორეოგრაფია, თავისი პროფესიით მუშაობს თბილისის ორ სკოლაში. მას გარკვეული სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა სხვა ქორეოგრაფთან, თ.ჟ-სთან. 2013 წლის 29 სექტემბერს კაპანაძეს ტელეფონით დაუკავშირდა მისთვის უცნობი პირი, რომელმაც უთხრა, რომ ლაშა ცნობილაძე, თ.ჟ-ს სიძე იყო. კაპანაძის განცხადებით, ლაშა ცნობილაძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მომდევნო დღეს კაპანაძე და ცნობილაძე შეხვედრაზე შეთანხმდნენ. დაახლოებით დღის 14:30 საათზე, დიღმის მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე ცნობილაძე კაპანაძესთან შესახვედრად სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ დაახლოებით 20 პოლიციელთან ერთად მივიდა. პოლიციელებმა კაპანაძეს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც სცემეს, ძალის გამოყენებით ჩასვეს
ავტომანქანაში და დიღმის მასივის ქვეგანყოფილებაში წაიყვანეს. განყოფილებაში მივიდა ლაშა ცნობილაძეც, რომელიც შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი აღმოჩნდა. კაპანაძის გადმოცემით, ცნობილაძემ სხვა პოლიციელებთან ერთად დაუწყო "საქმის გარჩევა" და დაემუქრა, რომ მის ყურამდე აღარ მისულიყო თ.ჟ-სთან (მისი სიმამრი) დაპირისპირების ამბავი. "საქმის გარჩევას" თან ახლდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებიდან წამოსვლის შემდეგ კაპანაძე გზაში შეუძლოდ გახდა, 112-ზე დარეკა და განაცხადა, რომ პოლიციელებმა სცემეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. კაპანაძე გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს მიერ გაცემულ ცნობაში მითითებულია დიაგნოზი - გულმკერდის დახურული ტრავმა და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა.
იმავე დღეს საავადმყოფოში პოლიცია მივიდა და კაპანაძეს მოსთხოვა, კვლავ პოლიციის შენობაში მისვლა, სადაც კაპანაძის განცხადებით, პოლიციელებმა მას იძულებით მიაცემინეს ჩვენება, რომ ვითომ ფიზიკური დაზიანებები პოლიციის შენობიდან წასვლის შემდეგ, მისთვის უცნობმა პირებმა უცნობი მოტივით მიაყენეს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით, დავით კაპანაძეს საია საადვოკატო დახმარებას გაუწევს.
საიას ინფორმაციით, ზემოაღნიშნული ინფორმაცია აშკარად შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.
"ამავე დროს, მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომ დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის ცალსახა მოთხოვნა და აღნიშნულ საქმეზე გამოძიება თავად აწარმოოს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის ბრძანება, რომელიც სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის წესებს განსაზღვრავს, პირდაპირ ადგენს, რომ პოლიციელთა მიერ ჩადენილი დანაშაული პროკურატურის გამომძიებლების ქვემდებარეობას განეკუთვნება. სამწუხაროდ, რამოდენიმე საქმეზე ეს მოთხოვნა დაცული არ იქნა და იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერად საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას ადგილი აღარ ექნება. ამასთან, ცხადია, რომ მხოლოდ საგამოძიებო ქვემდებარეობის საკითხის სწორად განსაზღვრა საკმარისი არ არის. აუცილებელია, გამოძიება დროულად, ეფექტურად და ობიექტურად წარიმართოს", - წერია საიას განცხადებაში.





