დაკავებულის ცემა

საია პროკურატურისგან პოლიციელთა მიერ მოქალაქის ცემის ფაქტის გამოძიებას ითხოვს

ფოტო არ ასახავს მომხდარ ფაქტს
შსს-ს Facebook-ის გვერდი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ორგანიზაციას 9 ოქტომბერს მიმართეს ლევან კორკოტაშვილის ოჯახის წევრებმა, რომელთა განმარტებითაც 8 ოქტომბერს, შსს ძველი თბილისის #4 სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს ლევან კორკოტაშვილი. დაკავების დროს კორკოტაშვილი პოლიციის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს და მიაყენეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები. ამჟამად იგი მოთავსებულია ქ. დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას.

საიას იურისტმა მოინახულა დაკავებული ლევან კორკოტაშვილი, რომლის განმარტებასაც საია ავრცელებს:

"8 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 12 საათისთვის იგი იმყოფებოდა დაბა წყნეთში და იდგა ავტობუსის გაჩერებასთან, რა დროსაც მას მიუახლოვდა ა/მანქანა "ნივა". ა/მანქანაში მჯდომმა პოლიციელებმა მას მოსთხოვეს მანქანაში ჩაჯდომა და მათთვის გაყოლა, ხოლო როდესაც ლ. კორკოტაშვილმა იკითხა მიზეზი, პოლიციის თანამშრომლები აგრესიულები გახდნენ, გადმოვიდნენ მანქანიდან და დაუწყეს მას უმოწყალოდ ცემა. ცემის შედეგად ლ.კორკოტაშვილს აღენიშნება მძიმე დაზიანებები კიდურებსა და სახის არეში, მარჯვენა ხელზე აღენიშნება შეშუპება და ჩამტვრეული აქვს ქვედა ყბის ძვალი.

კორკოტაშვილის განმარტებით, შემდგომ იგი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მას აიძულებდნენ, ეღიარებინა დანაშაული, თითქოს დაკავების დროს მას თან აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება, მაგრამ მიუხედავად ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლისა, ლ. კორკოტაშვილსგან ვერ მიიღეს აღიარებითი ჩვენება. ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან დამძიმდა (დაეწყო სახის შეშუპება და სისხლდენა), შემდგომ იგი გადაიყვანეს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში, სადაც ლ. კორკოტაშვილს გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, შეუჩერეს სისხლდენა, თუმცა სახეზე მიღებული დაზიანების გამო მას უკვე 2 დღეა საკვების მიღება არ შეუძლია.
ამჟამად ლევან კორკოტაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და საჭიროებს სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას, მაგრამ ეს გარემოება, როგორც ჩანს, საგამოძიებო ორგანოების ყურადღების მიღმაა დარჩენილი".

საია საადვოკატო დახმარებას გაუწევს ლევან კორკოტაშვილს და გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს, მსგავსი ფაქტები არ დარჩეს რეაგირების გარეშე. საიას განცხადებით, კორკოტაშვილის მიერ გაცხადებული ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. ორგანიზაცია მოუწოდებს მთავარ პროკურატურას,დაინტერესდეს ამ და სხვა მსგავსი ფაქტებით.

"ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად ამცირებს მოსახლეობაში პოლიციის და ზოგადად სამართალდამცავი ორგანოებისადმი ნდობის ხარისხს და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. შესაბამისად, აუცილებელია, რომ თითოეული მსგავსი შემთხვევა სწრაფად და ობიექტურად იქნეს გამოძიებული", - ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ტაბულას განუცხადეს, რომ ინფორმაციას მოიძიებენ და აღნიშნულ საკითხზე ამის შემდეგ გააკეთებენ განმარტებას. 

 

კომენტარები