27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

ცესკო: უფასო საეთერო დროის გამოყოფის საკითხს ჩვენ არ ვწყვეტთ

0 კომენტარი
ფოტო: ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია კვალიფიციური სუბიექტებისა და უსასყიდლო საეთერო დროის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ცესკოს ინფორმაციით, კომისიას ხშირად მიმართავენ მოქალაქეთა სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებები და ითხოვენ განმარტებას, თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს კვალიფიციურ სუბიექტად და შესაბამისად მიიღოს უსასყიდლო საეთერო დრო ადგილობრივ მაუწყებლებში. კომისიის განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კვალიფიციური სუბიექტების ნუსხას განსაზღვრავს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით. რაც ნიშნავს, რომ "...საპრეზიდენტო არჩევნებზე კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად მიიჩნევა იმ პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილი კანდიდატი, რომელიც დაფინანსებას იღებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე...", ხოლო მაუწყებლები ვალდებული არიან, უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად გამოყონ საეთერო დრო თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისთვის.

"გარდა ამისა, საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით "... მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით...". ამ საკანონმდებლო ნორმიდან გამომდინარე მაუწყებლები თავად იღებენ გადაწყვეტილებას და პოლიტიკურ გაერთიანებებს შეუძლიათ მიმართონ მათ ან კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რომელიც საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად "...განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს, უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და ახდენს შესაბამის რეაგირებას ამ ნორმების დარღვევაზე...". 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია თხოვნით მიმართავს პოლიტიკურ გაერთიანებებს, გაითვალისწინონ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას არ გააჩნია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები