ეკონომიკური ზრდა

IMF საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 2.5%-მდე ამცირებს

jornadadiaria.com

2013 წლის ბოლოსთვის საქართველოს ეკონომიკა 2.5%-ით გაიზრდება. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ახალ ანგარიშში წერს. ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უკვე მეორედ შეამცირა. 2013 წლის დასაწყისში პროგნოზი 6%, ხოლო ივნისში 4% იყო.

ეკონომიკური ზრდის შემცირების ტენდენციას IMF-ი შემცირებული კერძო ინვესტიციებით და კრედიტებით ხსნის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, საქართველოს ეკონომიკა მომავალ წელს 5%-ით გაიზრდება. ფონდი საქართველოს მთავრობას ურჩევს დროულად მოხსნას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობა იმისთვის, რომ ინვესტორთა ნდობა აღადგინოს.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ჩამოუვარდება როგორც რეგიონის (5.8%), ისე დსთ-ის დაბალშემოსავლიანი ქვეყნების საშუალო მაჩვენებლს (6%). ეკონომიკური ზრდის პროგნოზი რუსეთის გარდა, საქართველოს ყველა უშუალო მეზობელი ქვეყნისთვის - აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი - უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოსთვის.

IMF-ის ანგარიშის მიხედვით, უმუშევრობის დონე საქართველოში 16.7%-ს მიაღწევს. მომავალი წლისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამ მაჩვენებლის, 17.3%-მდე ზრდას ვარაუდობს. IMF-ის მიხედვით, უმუშევრობა უფრო ნაკლებად გაიზრდება აზერბაიჯანში, რუსეთსა და თურქეთში, ვიდრე საქართველოში. 

კომენტარები