სახალხო დამცველი

ნანუაშვილი: საპატრიარქოს განსაკუთრებული როლი ყველა სხვა კონფესიამ უნდა აღიაროს

news.ge

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გაზეთ ასავალ-დასავალთან ინტერვიუში ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატი სრულიად ეთანხმება კონკორდატის არსს. მისი თქმით, სამართლიანობა მოითხოვს, რომ საქართველოში მოქმედმა ყველა რელიგიურმა მიმდინარეობამ ეს ანალოგიურად უნდა აღიაროს.

"ვაღიარებ, რომ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას საქართველოს ისტორიაში, ქართული კულტურის, ტრადიციების და სახელმწიფოს პოლიტიკურ განვითარებაში  მართლაც აქვს განსაკუთრებლი როლი. ვფიქრობ, ეს სადავო არ არის და სამართლიანობა მოითხოვს, რომ საქართველოში მოქმედმა ყველა რელიგიურმა მიმდინარეობამ ეს ანალოგიურად აღიაროს, ისევე, როგორც ისლამის როლი ირანის და თურქეთის სახელმწიფოების განვითარებაში, ეს არის რეალობა, რომელიც კანონის დონეზეა ასახული და ომბუდსმენის აპარატი სრულიად ეთანხმება კონკორდატის არსს. თუმცა, მეორე საკითხია, რომ მოხდეს საგადასახადო რეჟიმის გათანაბრება სხვა კონფესიებისთვისაც. ომბუდსმენის აპარატის საქმიანობა გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან და ჩვენ ამ საკანონმდებლო ბაზას ვემორჩილებით. კონკორდატიც ხომ ამ საკანონმდებლო ბაზის ნაწილია", - ამბობს ნანუაშვილი.

ნანუაშვილი ასევე ამბობს, რომ "მზად ვარ, მთელი მონდომებით და გულწრფელად დავიცვა ქართველი საზოგადოების და მართლმადიდებლების უფლებები".

ნანუაშვილის თქმით, საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედებები გახშირდა.

"სამწუხაროდ, გახშირდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული შეურაცხმყოფელი სიუჟეტები და გამოთქმები ღია ცის ქვეშ შეკრებებზე, პრესაში, ელექტრონულ მედიაში, სოციალურ ქსელებში, რაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის, მართლმადიდებელი მრევლის სამართლიან გაღიზიანებას იწვევს და მრევლი ამ შეურაცხყოფას საკუთარი მისამართით იღებს. ეს დაუშვებელია! ერის სულიერი მამის შეურაცხყოფა პირადად ჩემშიც იწვევს პროტესტს", - თქვა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველმა ასევე თქვა, რომ ის საინგილოსა და ფერეიდანში ჩასვლას აპირებს - "მე პირადად ვაპირებ, უახლოეს მომავალში ვეწვიო და შევისწავლო საინგილოში, ასევე ფერეიდანსა და თურქეთში მცხოვრები ქართველების პრობლემები. მოვიძიო ინფორმაციები მათ უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით", - ამბობს ნანუაშვილი.

 

კომენტარები