TI-საქართველო

TI მარგველაშვილის სააგიტაციო შეხვედრებში საჯარო მოხელეთა უკანონო მონაწილეობაზე

ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის სააგიტაციო შეხვედრებში საჯარო მოხელეთა უკანონო მონაწილეობის ფაქტებზე საუბრობს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, 9 ოქტომბერს, ზუგდიდში კოალიცია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა. საპრეზიდენტო კანდიდატი და პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდამდე ხობში იმყოფებოდნენ, სადაც ასევე გამართეს შეხვედრა ამომრჩევლებთან. ორგანიზაციის ინფორმაციით, მთლიანობაში შეხვედრებმა მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში ჩაიარა, თუმცა ორ შემთხვევაში, ზუგდიდში საჯარო მოხელეთა აგიტაციაში უკანონო მონაწილეობას შეიძლებოდა ჰქონოდა ადგილი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ აქციაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის თანამშრომელი ზვიად მალაზონიაც დააფიქსირა. გაირკვა, რომ მას შვებულების თაობაზე განცხადება დაწერილი არ აქვს, რაც საფუძველს გვაძლევს განვაცხადოთ, რომ ამ საჯარო მოხელემ დაარღვია საქართველოს საარჩევნო კოდექსი.

ასევე აქციის დასრულების შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭაქვინჯის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ვალერიან ხუბულავა იმყოფებოდა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან, რომელთა მეშვეობითაც მოხდა აქციაზე მყოფი პირების ტრანსპორტირება. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან საუბრისას ვალერიან ხუბულავამ განაცხადა, რომ აქციაზე არ იმყოფებოდა, ზემოაღნიშნული გარემოება გვაფიქრებინებს, რომ ის შესაძლოა, ჩართული ყოფილიყო აქციის ორგანიზების პროცესში. ამ ორ ფაქტთან დაკავშირებით, ჩვენი ორგანიზაცია საჩივრით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს", - ნათქვამია საიას განცხადებაში.

ორგანიზაციის თქმით, მნიშვნელოვანია, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები დაინტერესდნენ ზემოაღნიშნული ფაქტებით და კანონდარღვევის დადასტურების შემთხვევაში სათანადო ზომები მიიღონ.

კომენტარები