უწყებათაშორისი კომისიის სხდომა

თეა წულუკიანი და თინათინ ბოკუჩავა ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ

თეა წულუკიანი

უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელი სხდომის შემდეგ კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამ ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს. თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ წულუკიანმა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს მატყუარები უწოდა და თქვა, რომ მისი მთავარი ამოსავალი წერტილი ნაციონალური მოძრაობის განადგურებაა.

თეა წულუკიანი კი, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საბოტაჟზე საუბრობს და ამბობს, რომ მათი განცხადებები თანამშრომლობის შესახებ, ფასადურია. 

თეა წულუკიანის თქმით, სპორტის სასახლეში დაგეგმილი ნაციონალური მოძრაობის ყრილობის შესახებ მათ ინფორმაცია ღამის საათებში მიაწოდეს და, თავის მხრივ, შს სამინისტრომ მიიღო ყველა შესაბამისი ზომა, რომ ყრილობა ინციდენტების გარეშე ჩატარებულიყო. წულუკიანი ამბობს, რომ მოხდა უსიამოვნო ფაქტი, როცა ნაციონალური მოძრაობის წევრები, ღამის საათებში, იმის ნაცვლად, რომ კომისიის ცხელ ხაზზე დაერეკათ ან იმეილი გაეგზავნათ, ერთ-ერთ საერთაშორისო წარმომადგენლობას დაუკავშირდნენ და მათთან "ატეხეს წუწუნი".

წულუკიანის თქმით, კომისიას ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციამ მიაწოდა ღამით და მოხდა მყისიერი რეაგირებაც. საუბარია ყრილობის დღეს ყრილობის მონაწილეთა ტრანსპორტირებაზე.

"სატრანსპორტო კომპანია, რომელსაც ვითომდა პრობლემები ჰქონდა ხალხის გადაყვანაში, მოწვეულ იქნა. მან დაადასტურა, რომ ამ მხრივ არანაირი პრობლემები არ შექმნია და მიღებულ იქნა ზომები, რომ იმ დღეს კომპანიას კომფორტულად, ყოველგვარი შეფერხებების გარეშე ემუშავა", - თქვა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი და უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელი ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს, გაითავისოს, რომ საქართველო არის სახელმწიფო, რომელსაც მართავს ხალხის მიერ არჩეული მთავრობა და პრობლემების არსებობის შემთხვევაში, მიმართოს ხელისუფლებას და არა გარეშე პირებს.

კომენტარები