რელიგია

მირიან გამრეკელაშვილი: პასუხი მეუფე იაკობს

მირიან გამრეკელაშვილი

თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ,

უპირველესად მადლობა, რომ ნახეთ გადაცემა ჩემი მონაწილეობით და საკვირაო ქადაგებაშიც საკმაოდ დიდი დრო დამითმეთ.

თუ ნებას მომცემთ, პირდაპირ სათქმელზე გადავალ. თუ ვინმე გადაეკიდა ქრისტეს ეკლესიას და იგი ქვაბ-ავაზაკთა, მეკერმეთა სადგომელად გადააქცია, ეს თავად თქვენ ბრძანდებით. პირადად თქვენ და თქვენი წინამძღოლობით ორგანიზებულმა მოძალადეების ქმედებამ ქრისტეს ეკლესია, რომელიც კაცთმოყვარეობისა და უსაზღვრო სიყვარულის მახარებელი უნდა იყოს, აქციეთ ადამიანების ჩაგვრისა და ფიზიკური ანგარიშსწორების მანქანად. ხოლო მაცხოვრის ჩვენდამი გამომხსნელობისა და თანალმობის სიმბოლო ჯვარი - მოძალადეების ხელში შემართული ტაბურეტით ჩაანაცვლეთ.

ძალიან სასიამოვნოა, თუ ჩემი გვარი იცით და გახსოვთ, რადგან მე იგი არასოდეს დამიმალავს, პირიქით, ყოველთვის მეამაყებოდა იგი. ჩემი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იმიტომ არ იცავდნენ ჩვენი ქვეყნის სამხრეთ საზღვრებს, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში გონებადაბნელებულ მოძალადეებს და მუქთახორა სამღვდელოებას დაუცველი მოქალაქეებისათვის ტაბურეტები ერტყათ თავში. რადგან საზღვრებზე მიდგა საუბარი, მოდით კიდევ ერთხელ შევეხოთ ერთ ყველაზე მტკივნეულ საკითხს: რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას. გასაგებია, რომ კუნთმაგარი და თავმსუბუქი მუტრუკები, გახელებული რომ დარბოდნენ 17 მაისს რუსთაველზე, ფიზიკურად ვერ შეეწინაღმდეგებიან რუსულ ჯარს, რადგან სამოქალაქო პირები არიან, მაგრამ განა სადმე გვინახავს მათი მხრიდან იმავე ექსპრესიისა და მასშტაბის საპროტესტო აქცია დამპყრობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ? თუმცა პირადად მე ეს არ მიკვირს, რადგან მათი წინამძღოლები, ანუ თქვენ - სამღვდელო დასი, დაუღალავად ამართლებთ ოკუპანტი სახელმწიფოს ქმედებებს. განა პირადად თქვენ არ უთხარით ქართველ ჯარისკაცებს, რომ საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა რუსეთის ბოროტი საქმიანობის შედეგი კი არა, ღვთის ნება იყო? მტრის საქმის მკეთებელი ადამიანი, როგორ ბედავთ და ცდილობთ, მე უცხოეთის მიერ მოგზავნილ საქართველოს არაკეთილმოსურნედ დამსახოთ? ან კი ვიდრე ჩემს დაფინანსებაზე სიცრუის გავრცელებას დაიწყებდეთ, იქნებ სჯობდა, ჯერ გაგერკვიათ, როგორ დუხჭირად ვცხოვრობ და როგორ მიწევს მძიმე ფიზიკური სამუშაოების შესრულება არსობის პურის მოსაპოვებლად. ჩემს იმ საქმიანობაში, რომელიც თქვენ ასე გაღელვებთ, დღემდე არანაირი ტიპის ჰონორარი ან ანაზღაურება არ მიმიღია. ძალიან დიდი საშინელებაა, როდესაც საეკლესიო იერარქი ბინძურად სწამებს ცილს ამბიონიდან პიროვნებას, რათა იგი მრევლს შეაძულოს. როგორ არ გრცხვენიათ, როდესაც ბრალდებას მიყენებთ ადამიანები, რომლებიც საკუთარ მრევლს ძარცვავთ და ტყავს აძრობთ? გარდა ბიუჯეტიდან გამოძალული მილიონებისა, ყველამ ვიცით, რომ ყოველწლიურად მზარდი მადით ეუფლებით უძრავ-მოძრავ ქონებას. ისიც საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეს ქონება ან პირადი სარგებლობისთვის მოიხმარება ან ყოვლად არაღვთივსათნო საქმეებს ხმარდება.

თეოლოგის წოდება ჩემთვის არავის უჩუქებია წყალობის სახით, როგორც ეს თქვენთვის მღვდელმთავრობის ხარისხის მონიჭებისას მოხდა. არავინ უარყოფს, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიამ მხოლოდ სამ წმინდა მასწავლებელ მამას მიანიჭა ღვთისმეტყველის წოდება. ან კი ვინ გაკადნიერდება ასე, რომ მათ მიედაროს? უბრალოდ, საქმე ისაა, რომ თანამედროვე მეტყველებასა და აზროვნებაში ეს სიტყვა აღნიშნავს იმ ადამიანის პროფესიას, რომელიც ამ სფეროს აკადემიურად სწავლობს და იკვლევს. თავი დიდ მოაზროვნედ და მეცნიერად არც მე მიმაჩნია, ხშირად მეუხერხულება კიდეც, როდესაც ამ პროფესიის აღმნიშვნელი სიტყვით მომიხსენიებენ. მეორე მხრივ კი, მხოლოდ ჩემი სწავლითა და გარჯით ვცდილობ კვალიფიკაციის მოპოვებას. შეიძლება დიადი და საქვეყნოდ ცნობილი საქმეები არ ჩამიდენია, არც სრასასახლეები ამიგია, მაგრამ ერთი ჩვეულებრივი მოკვდავის პირობაზე, გულხელდაკრეფილი არასოდეს ვყოფილვარ. პირიქით, ყოველთვის ვცდილობ, უფლისგან ნაბოძები სიცოცხლის ყოველი წამი აქტიურად და ნაყოფიერად გამოვიყენო. როდის უნდა მომესწრო დიადი საქმეები, ათწლეულია, ჩემი მეგობრები და მე ღიად ვცდილობთ თქვენი და თქვენი კოლეგების მიერ დათესილი ღვარძლისა და შხამის გაუვნებელყოფას. ან კი რა ვთქვი ტელეინტერვიუში ისეთი, რაც ჩემს არათეოლოგობას მიანიშნებს და ეკლესიის გადაკიდებას ნიშნავს?

განა ყველამ არ ვიცით, რომ 1989 წლის 9 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მომიტინგეებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებით მივიდა, შეკრებილებს მათი ნება გადასცა - დაშლილიყვნენ, ხოლო როდესაც პასუხად უარი მიიღო, მან მიატოვა საკუთარი მრევლი და საპატრიარქოს შეაფარა თავი. გაიზიარა კი მან საკუთარი სამწყსოს ტკივილიანი და მოწამეობრივი ხვედრი? არც რუსთაველზე მიმდინარე ძმათასისხლისმღვრელი ომისას უხილავს ვინმეს, მხარეთა შორის შესარიგებლად, მამაცურად ჩამდგარი პატრიარქი. მე მას არ ვკიცხავ. გმირობას ყველას ვერ მოვთხოვთ. ადამიანია და ადამიანური სისუსტე გამოიჩინა, მაგრამ როდესაც ამ ყველაფრის შემდეგ აცხადებს, რუსთაველის გამზირი წმინდა სივრცე არის და იქ ჰომოფობიის ბრძოლის დღის აღნიშვნა არ შეიძლებაო, განა აქვს მას პირადად ამის თქმის მორალური უფლება? თუ ის ხალხი იქ წმინდა საქმეს ემსახურებოდა, რატომ არ დარჩა მათთან? თუ არადა და, ახლა რატომღა გვაყრის ნაცარს თვალში?

განა პირველად გაიგეთ, რომ რადიკალურ პროტესტანტულ მიმდინარეობათაგან განსხვავებით, ტრადიციული კონფესიებისათვის, მათ შორის კი - მართლმადიდებელი ეკლესიისთვისაც, უმაღლეს ავტორიტეტს არა ბიბლია (sola scriptura), არამედ თავად ეკლესიაში ერთობლივად გამომუშავებული თანხმობა (consensus patrum) წარმოადგენს? განა სწორედ ამგვარი ბრძნული დამოკიდებულება არ ტოვებს სივრცეს ბიბლიური ტექსტების მეცნიერული გამოკვლევების სულიერი მნიშვნელობისათვის? ბიბლეისტიკამ და ეგზეგეტიკამ ხომ დიდი ხანია ამოხსნა, რომ ბიბლია არაა პრიმიტიული აგებულების, სამყაროს მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში წარმომჩენი ტექსტი. პირიქით, ეს არის წიგნი, რომელიც ასახავს ღმერთისა და ადამიანის მრავალმხრივ ურთიერთობას. ესა არაა მხოლოდ სიზმარეული ზმანებებით შთაგონებული წიგნი, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. სრულიად საწინააღმდეგოდ, იგი ამოზრდილია რეალური ურთიერთობიდან და დაწერილია რეალურ ისტორიულ დროში, რის გამოც, ღვთიურ ჭეშმარიტებებთან ერთად, მასში მრავლადაა ისტორიული, მითიური, ეთოლოგიური, პოეტური, სიმბოლური, მეტაფორული თუ სხვა ტიპის თხრობა. ეს არანაირად არ აკნინებს მის მნიშვნელობას. პირიქით, სწორედ მისი ამგვარი აგებულება გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ არა მხოლოდ მისი ბრმად მომხმარებლები, არამედ მის მდინარებაში პირადად მივიღოთ მონაწილეობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიბლიის კითხვისას მუდმივად უნდა ვანხორციელოთ სინდისის მიერი, რწმენითი და აზროვნებითი აქტი. მხოლოდ ამგვარი მრავალმხრივი დამოკიდებულება და სათანადო შინაგანი მზაობა, ტექსტში შინაგანი თანამონაწილეობა ხდის შესაძლებელს ბიბლიის სწორ გაგებას და გამორიცხავს ბრმა ბუკვალურ (ევანგელიკალურ) დამოკიდებულებას. მხოლოდ მიამიტსა და არმცოდნე ადამიანს შეუძლია, მოჭრით თქვას, რომ ბიბლიაში არსებულ ზოგიერთ პასაჟში აღწერილი თხრობა, სადაც ავტორთა აზრითა და დაკვირვებით, უფალი ადამიანებს ხოცავს (მათ შორის, სოდომ-გომორას შემთხვევაშიც), აბსოლუტურ ჭეშმარიტებას წარმოადგენს.

გასაგებია, რომ ქრისტიანობაში არსებობს მთელი რიგი მორალური აკრძალვებისა თუ მოწოდებებისა. ასევე არსებობს ცოდვის გაგება და მათი ჩამონათვალიც. განა კი სადმე უარვყავი, რომ ქრისტიანულ მორალურ სწავლებაში განსხვავებულ სქესთა შორისი ურთიერთობა ცოდვაა? მაგრამ საკითხი სწორედ იმას ეხება, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ქრისტიანებს ცოდვილთა მიმართ. განა ყველანი ცოდვილები არა ვართ? იგივე მომაკვდინებელ ცოდვათა ჩამონათვალში, სიძვის გარდა, ამპარტავნება, ანგარება, მრისხანება, ნაყროვანება, შური და მიმოწვლილველობაც არაა? ყველანი მეტ-ნაკლებად არ ვართ მათში ჩამდგარნი? ვინ მოგვცა უფლება, საზოგადოება უცოდველებად და ცოდვილებად დავყოთ, შემდეგ კი პირველნი მეორეებს ტაბურეტებით შეიარაღებულნი საცემრად დაერიონ? ან კი შეიძლება ქრისტეს ეკლესიის პასუხი განსხვავებული ადამიანებისადმი, მხოლოდ და მხოლოდ დასარტყამად მოღერებული ტაბურეტი იყოს? განა ეკლესიაში ყველასათვის არ მოიძებნება ადგილი? ჩვენს ზეციერ მამას თანაბრად არ ამოჰყავს მზე კეთილთა და ბოროტთა თავზე, ან კიდევ წვიმას არ უგზავნის მართლებსაც და უსამართლოებსაც (მათე 545)? ეკლესია ხომ სწორედ ცოდვილთა, მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა ქრისტესთან შეხვედრის ადგილია (მათე 1128)?

მაგრამ უმთავრესი პრობლემაც ხომ სწორედ ეგაა, რომ თქვენ ეკლესია ქრისტეს სხეულად კი არა, თქვენს პირად საკუთრებად მიგაჩნიათ. განა თქვენს პირად კრიტიკას ღმერთისა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლად არ აცხადებთ ყოვლად მკრეხელურად? ნუთუ არ იცით, რომ წმინდა ლიტურგიისას ამბიონიდან ქადაგება არ შეიძლება პირად ანგარიშსწორებას მიუძღვნა? როდესაც ამბობთ, რომ ჩემი გვარი იცით, ალბათ, გსურთ მიმანიშნოთ, რომ ინფორმაციას ფლობთ ჩემ შესახებ, თორემ გვარის ტელეეკრანზე ამოკითხვას რა დიდი მისნობა უნდა. პირდაპირ რომ ვთქვათ, მემუქრებით. უბრალოდ, არ მესმის, რისი მიღწევა გსურთ ამით. ალბათ ფიქრობთ, რომ შემაშინებთ და გავჩუმდები. ან შეიძლება იმედი გაქვთ, რომ თქვენ მიერ ზომბებად ქცეული ადამიანებიდან რომელიმე „გამომბაყვავს" და ფიზიკური ანგარიშსწორება მაიძულებს დავდუმდე. მე არც გმირი ვარ და არც განსაკუთრებული სიმამაცით გამოვირჩევი, მაგრამ თქვენდა სამწუხაროდ გამცნობთ: ჩემი შეშინება შეუძლებელია! უკან დახევას არ ვაპირებ. ვამბობ და ვაკეთებ იმას, რაც სწორად, საჭიროდ მიმაჩნია, რისიც მჯერა და მწამს.

სხვაგვარად ნამდვილად არ ძალმიძს!

თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი

კომენტარები