27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

ცესკო უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციას იზიარებს

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია სააგიტაციო მასალის შეუფერხებლად განთავსების შესახებ უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციას იზიარებს. ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, ყველა მხარეს, მათ შორის, ადგილობრივ თვითმართველობებს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაში ხელი შეუწყოს. ამავე დროს, ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის განთავსებასთან დაკავშირებული პრეტენზიების შემთხვევაში, კანონის მოთხოვნებისა და კომპეტენციის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მიმართონ.

"საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მიესალმება მშვიდობიანი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის ყველა მცდელობას. აქედან გამომდინარე, ვიზიარებთ უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციას სააგიტაციო მასალის შეუფერხებლად განთავსების შესახებ. ამასთან, გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2011 წლის 27 დეკემბერს მიღებული საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 93-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სააგიტაციო მასალის განთავსების საკითხზე რეაგირება განეკუთვნება არა საარჩევნო ადმინისტრაციის, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას, რომელთაც რეალურად გააჩნიათ ამ პროცესის მართვის რესურსი. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, ხელი შეუწყოს ყველა მხარეს, მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველობებს, კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაში", - აცხადებს ცესკო.

უწყებათაშორისი კომისიის 2013 წლის 11 ოქტომბრის რეკომენდაციით, საპრეზიდენტო კანდიდატებს და პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალების შეუფერხებლად გავრცელების საშუალება უნდა ჰქონდეთ.  

კომენტარები