მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი

ქეცბაია: ესპანეთთან დაცვითი სტილით თამაშის გარდა, სხვა გზა არ გვაქვს

0 კომენტარი
თემურ ქეცბაია ფოტო: ტაბულა

დღეს, ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ალბასეტეში საქართველოს გუნდს დაუპირისპირდება.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრაში, მასპინძლებს საგზურის განაღდებისთვის, მხოლოდ ქულა ესაჭიროებათ, ქართველებს კი ბრაზილიაში მოხვედრის შანსი დიდი ხანია აღარ აქვთ.

ფურია როხას მთავარი მწვრთნელი, ვისენტე დელ ბოსკე მეტოქისგან უკიდურესად დაცვით ტაქტიკას ელის.

"არ ვიცით, ზუსტად რა მოხდება, მაგრამ ვფიქრობ, ეს შეხვედრა არ დაემსგავსება ბელარუსის და საფრანგეთის წინააღმდეგ მატჩებს. ქართველები შეეცდებიან სივრცე შეგვიზღუდონ და ხელი შეგვიშალონ, ვითამაშოთ ჩვენი თამაში. დაელოდებიან შანსს, რომ ბურთი აგვართვან და კონტრშეტევებზე ითამაშებენ. აი, ამას ველით ჩვენ", - განაცხადა დელ ბოსკემ.

დღევანდელი შეხვედრა, რომელიც ალბასეტეში გაიმართება, ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, ანდრეს ინიესტასთვის განსაკუთრებულია. სწორედ ამ ქალაქის სიახლოვეს დაიბადა 29 წლის ნახევარმცველი და აქ დაიწყო მისი საფეხბურთო კარიერა.

"ეს არის შანსი ხალხისთვის, რომ ისიამოვნონ, რადგან ეროვნული გუნდი აქ ხშირად არ ჩამოდის. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, ისინი შესანიშნავ მატჩს ნახავენ. ეს არ არის ამხანაგური შეხვედრა და პირადად ჩემთვის, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის ამ ქალაქში მოპოვება განსაკუთრებული მოვლენა იქნება", - განაცხადა ანდრეს ინიესტამ.

თავის მხრივ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ადასტურებს დელ ბოსკეს სიტყვებს და აცხადებს, რომ 2011 წლის სექტემბერში თბილისში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართული მატჩის მსგავსად, მისი გუნდი დღესაც დაცვით ტაქტიკას აირჩევს.

"დაცვითი სტილით მხოლოდ ჩვენ კი არა, ალბათ მთელი მსოფლიო ეთამაშება ესპანეთს და ალბათ ჩვენ ამის გარდა, სხვა გზა არ დაგვრჩენია", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

მატჩი ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები