კეზერაშვილის საქმე

წულუკიანი: ვიჩქარებთ, რომ ამ 40 დღეში საექსტრადაციო პროცედურები დასრულდეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, თუ კეზერაშვილის საექსტრადიციო პროცედურები 40 დღეში არ დასრულდება, მაშინ პატიმრობის გაგრძელებას მოითხოვენ. მისივე თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი წითელი ცირკულარით ძებნილი არ ყოფილა.

"მიუხედავად ამისა, შს სამინისტროს ინტერპოლის განყოფილებამ ფრანგ კოლეგებთან ერთად ძალიან კარგად იმუშავა, ასევე - მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტმაც. გუშინ საფრანგეთის სასამართლომ კეზერაშვილს 40-დღიანი საექსტრადაციო პატიმრობა შეუფარდა. ამ ვადაში მთავარმა პროკურატურამ უნდა წარადგინოს მასალები სისხლის სამართლის იმ საქმესთან დაკავშირებით, რაც აქ არის აღძრული", - თქვა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, კეზერაშვილთან მიმართებაში ორი საქმეა - ერთი ეხება ფულის გათეთრებას, ხოლო მეორე ბიზნესის მფარველობის კუთხით კორუფციას.

"მეც მივმართე გუშინ მადლობის წერილით საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს, რომ ამგვარი კარგი თანამშრომლობის მაგალითი აჩვენა ჩვენმა ორმა ქვეყანამ. ამ სისხლის სამართლის საქმეზე, რა თქმა უნდა, ვიჩქარებთ, რომ ამ 40 დღეში საექსტრადაციო პროცედურები დასრულდეს. თუ არადა, მოთხოვნილი იქნება პატიმრობის გაგრძელება, როგორც ეს ხდება ნებისმიერი სხვა კლასიკური ექსტრადირების შემთხვევაში", - თქვა წულუკიანმა.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი 14 ოქტომბერს, საფრანგეთში დააკავეს.

საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, დავით კეზერაშვილს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე"ქვეპუნქტით, 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით და 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ქრთამის აღებას, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევას, რამაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ზარალი გამოიწვია, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფულის გათეთრებას და უკანონო შემოსავლის მიღებას, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი რაოდენობით მითვისება-გაფლანგვას.

საქართველოს მთავარი პროკურატურა კეზერაშვილის ექსტრადირებისთვის დოკუმენტაციას ამზადებს.

კომენტარები