კეზერაშვილის საქმე

ადვოკატი: ექსტრადირების საკითხი პროკურატურის დასაბუთებაზეა დამოკიდებული

AFP.com

დავით კეზერაშვილის ადვოკატმა შოთა მინდელმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თქვა, რომ კეზერაშვილის ექსტრადირების საკითხი საქართველოს პროკურატურის დასაბუთებაზეა დამოკიდებული. მინდელმა ასევე აღნიშნა, რომ კეზერაშვილის საფრანგეთში მყოფ ადვოკატთან ზოგადი კავშირები უკვე არსებობს.

"ამ შემთხვევაში ჯერი საქართველოს პროკურატურაზეა. მან უნდა გააგზავნოს მოთხოვნა. რამდენად დაადასტურებენ ისინი გადმოცემის აუცილებლობას, ეს დამოკიდებული იქნება ამ საქმეში პროკურატურის დასაბუთებაზე", - თქვა ადვოკატმა.

შეკითხვაზე - თუკი კეზერაშვილი წითელი ცირკულარით არ იძებნებოდა, რა პირობებით მოხდა მისი დაკავება, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ამ კითხვას მოგვიანებით გაეცემა პასუხი. "ეს ის დეტალებია, რომელსაც მომავალში აუცილებლად გაეცემა პასუხი. მე დღეს ამისგან თავს შევიკავებ", - თქვა შოთა მინდელმა. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი 14 ოქტომბერს, საფრანგეთში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დავით კეზერაშვილს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე"ქვეპუნქტით, 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით და 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ქრთამის აღებას, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევას, რამაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ზარალი გამოიწვია, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფულის გათეთრებას და უკანონო შემოსავლის მიღებას, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი რაოდენობით მითვისება-გაფლანგვას.

საქართველოს მთავარი პროკურატურა კეზერაშვილის ექსტრადირებისთვის დოკუმენტაციას ამზადებს.

კომენტარები