პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

ივანიშვილი: ევროპარლამენტარებზე ნაციონალურმა მოძრაობამ მოახდინა გავლენა

ჟურნალისტების პრემიერთან შეხვედრაზე ტაბულას წარმომადგენელმა სალომე უგულავამ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დოკუმენტის შესახებაც ჰკითხა. - " ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები და მათ შორის მოხსენიებულია ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრად. თქვენი აზრით, რატომ რჩებათ მათ ასეთი შთაბეჭდილება?"

კითხვას ივანიშვილმა უპასუხა, რომ "დღეს რაც ხდება, ზოგიერთი მეგობარი, რომელიც შემორჩა ევროპასა და ამერიკაში და საეჭვოდ უჭერს მხარს, ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენს ფულს ჩვენი უმეცრობით იყენებდნენ და გარეთ დიდ პიარკომპანიებს და დიდ ლობისტებს ამუშავებდნენ. მაგრამ ამას უკვე გამოეცალა საფუძველი. ახლა დარჩნენ ერთეულები. გახსოვთ, თავში როგორი ამბები იყო ატეხილი ევროპასა და ამერიკაში? ესენი ნელ-ნელა წავიდნენ კლებაში და დარჩნენ ერთეულები. იმ ერთეულებზეც პრინციპულად ვიმუშავებ, როცა პოლიტიკიდან გავალ. ვინც დარჩნენ მეგობრების სახით".

ივანიშვილის თქმით, ევროპარლამენტარებზე ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გავლენა მოახდინეს.

"რა თქმა უნდა, გავლენა მოახდინა სიცრუის ტირაჟირებამ, რასაც ახერხებდა სააკაშვილი და მისი გუნდი. რასაც დღესაც აგრძელებს. სამსახური, რომელსაც ბოკერია მეთაურობდა, ძირითადად ამით იყო დაკავებული.

ნუ იფიქრებს საზოგადოება, რომ სამართალიანობის აღდგენი პროცესი დასრულებულია. გრძელდება, პროკურატურაში უამრავი გამოძიებაა. მათ რიცხვში ის, რომ ბოკერიას სამსახურის მიერ 16 მილიონია ლობისტებზე გაცემული. და იქიდან 300 000-400 000 დოლარი ნაღდი ანგარიშით არის გაცემული ელჩებზე მათ რიცხვში. პასუხისგაცემა მოუწევთ მათ, მაგრამ დაველოდოთ გამოძიებას", - თქვა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში ექსპო ჯორჯიაში ბეჭდური და ონლაინ გამოცემებისა და რადიოს ხელმძღვანელებს ხვდება.

კომენტარები