ომბუდსმენის წარომადგენლებისთვის ხელშეშლა

ომბუდსმენი შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელს სიცრუეში ადანაშაულებს

news.ge

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ნინო გიორგობიანს სიცრუეში ადანაშაულებს. 

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 2013 წლის 18 ოქტომბერს რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის, გიორგი რევაზიშვილის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისთვის დაბრკოლების შექმნისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების გადამეტების გამო.

"19 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს უფროსმა ნინო გიორგობიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით გაავრცელა არასწორი ინფორმაცია და განმარტა, რომ საგარეჯოს პოლიციის სამმართველოში პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრებს პოლიციის თანამშრომლებისთვის არ უჩვენებიათ სამსახურებრივი მოწმობები და არც სიტყვიერად განუმარტავთ თავიანთი ვინაობა, რაც გახდა მათი სამორიგეოდან გაძევების მიზეზი.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის ერთ-ერთი ექსპერტის მიერ მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეომასალაში, რომელიც სოციალური ქსელისა და მედიის საშუალებით უკვე გავრცელდა, ნათლად ჩანს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულები სიტყვიერადაც უმარტავენ თავიანთ ვინაობას, ასევე, აჩვენებენ სახალხო დამცველის რწმუნებებს, რომლებითაც უფლება აქვთ, დაუბრკოლებლად შევიდნენ ნებისმიერი დაწესებულების ტერიტორიაზე და მოითხოვონ შემოწმებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი. ვიდეოზე ჩანს, რომ საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ყურადღებასაც არ აქცევს მათ მტკიცებას და სპეციალური პრევენციის ჯგუფის წევრებს მაინც აძევებს სამორიგეოდან. ასევე, ერთ-ერთ ჩანაწერში საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს უფროსი აღიარებს, რომ მორიგეს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აჩვენეს რწმუნება, თუმცა, მისივე თქმით, თავად მორიგე ვერ მიხვდა, რა საბუთი წარედგინა მას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ალბათ საქმე გვაქვს პოლიციის მუშაკის არაკვალიფიციურობასთან, ხოლო გიორგი რევაზიშვილის საქციელი სცდება დისციპლინური და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებს და შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც. სწორედ ამიტომ, შინაგან საქმეთა მინისტრის პარალელურად, მივმართე მთავარ პროკურორსაც, წინასწარი გამოძიება ჩაეტარებინა ზემოაღნიშნულ ფაქტებზე", - აცხადებს სახალხო დამცველი. 

მისივე თქმით, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები წლების განმავლობაში ატარებენ მონიტორინგს პოლიციის განყოფილებებში და მათ არასოდეს შექმნიათ ამგვარი სახის პრობლემები. ახლაც, პოლიციის სამმართველოების და დროებითი მოთავსების იზოლატორების მონიტორინგი, რომელიც ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში დაიწყო, ყოველგვარი განსაკუთრებული გადაცდომის გარეშე მიმდინარეობდა, ყველა სამმართველოს და იზოლატორის თანამშრომელი, მათ შორის, საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლებიც, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სრულად თანამშრომლობდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან და ხელს უწყობდნენ მათ მონიტორინგის სრულყოფილ განხორციელებაში.

"მით უფრო სამწუხაროა საგარეჯოს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან კანონის ასეთი უხეში დარღვევა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს ამგვარი არაკვალიფიციური და უპასუხისმგებლო განცხადება, რომლიდანაც გამომდინარეობს, რომ ჩემმა წარმომადგენლებმა არასწორი ინფორმაცია მომაწოდეს და რომ არა ვიდეოკადრები, ინციდენტის არსებობაც კი ეჭვქვეშ შეიძლება დამდგარიყო.

წამების და არასათანადო მოპყრობის პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე ადეკვატური რეაგირებაა, რისი არარსებობაც, გასულ წლებში, გახდა არასათანადო მოპყრობის სისტემურობისა და დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრების წინაპირობა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, პირად კონტროლზე აიყვანოს 2013 წლის 17 ოქტომბერს საგარეჯოს პოლიციის სამმართველოში მომხდარი ინციდენტის მოკვლევა და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა მომავალში პოლიციის ყველა თანამშრომელმა იცოდეს, რას წარმოადგენს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმი და რას ავალდებულებს მათ საქართველოს კანონმდებლობა სახალხო დამცველის რწმუნებით აღჭურვილ პირებთან მიმართებაში", - აცხადებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

ტაბულა ნინო გიორგობიანის განცხადებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები