ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: პრემიერმინისტრის პოსტს 24 ნოემბრამდე დავტოვებ

საქართველოს პრემიერმინისტრმა სააგენტო France Press-თან საუბრისას თქვა, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ქვეყნის კულისებიდან მართვაში ლოგიკას ვერ ხედავს. "არ ვაპირებ იქიდან მოქმედებას", - თქვა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური გვამი უწოდა და არ გამორიცხა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ის სასამართლოს წინაშე წარდგეს. 

"სააკაშვილი პოლიტიკური გვამია. მას აღარასდროს ექნება პოლიტიკური კარიერა საქართველოში. ჩემი აზრით, სააკაშვილს ბევრი შეკითხვისთვის აქვს პასუხი გასაცემი და სწორედ ამიტომ არსებობს დიდი ალბათობა, რომ ის დაიკითხება", - აღნიშნა ივანიშვილმა. მისი თქმით, პროკურორები გადაწყვეტილებას გამოძიებაზე დაყრდნობით მიიღებენ და ეს პოლიტიკურად მოტივირებული არ იქნება.

ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ 24 ნოემბრამდე პრემიერის პოსტს დატოვებს. "ინაუგურაციიდან ერთ კვირაში გადავდგები და პრემიერმინისტრის პოსტს 24 ნოემბრამდე დავტოვებ", - თქვა ივანიშვილმა. 

საქართველოს პრემიერმინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე რაუნდში გაიმარჯვებს. "დაჟინებით მოვითხოვ, რომ მეორე ტური არ შედგეს", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა. 

პრემიერმინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არავის აქვს უფლება, შეაფერხოს საქართველოს მთავარი სტრატეგია ევროპასა და ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისკენ. მან ასევე თქვა, რომ რუსეთთან ურთიერთობებიც უნდა გაუმჯობესდეს.

"ჩვენ უნდა ვაშენოთ დემოკრატიული ინსტიტუტები და ყოველთვის იმას არ უნდა ვუყურებდეთ, ვინ არის ჩვენი პრეზიდენტი", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა France Press-თან საუბრისას.

კომენტარები