ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

პრემიერი: ერთ წელში იმდენი გავაკეთეთ, რომ ნაციონალებიც კი გაოგნებულები არიან

0 კომენტარი
ფოტო: fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისმა მთავრობამ იმაზე მეტი გააკეთა, რისი გაკეთებაც ერთი წლის მანძილზე შეიძლებოდა. როგორც ივანიშვილმა გადაცემა პოლიტიკის დროში თქვა, ახალი მთავრობის შედეგებით, ნაციონალებიც კი გაოგნებულები არიან.

"ყველაფერი შევძელით და იმაზე მეტიც, რაც ერთ წელში შეიძლებოდა. ოპონენტებს და ჟურნალისტებს შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება, როცა ითხოვენ იმ დაპირებების შესრულებას, რაც მეორე, მესამე, მეოთხე წელზე იყო გაწერილი. ზოგი დაპირების შესრულებას ოცი წელიც სჭირდება, მაგრამ პროგრამაში რაც გვეწერა და რისი გაკეთებაც შეიძლებოდა ერთ წლის მანძილზე, ყველაფერი გავაკეთეთ. ნაციონალებს არ აქვთ რეალური საკრიტიკო, იმდენი გავაკეთეთ, თვითონაც კი გაოგნებულები არიან და აღარ იციან რა ქნან და ატრიალებენ იმ ვიდეოებს - ამდენი დაპირება ვერ შეასრულესო" - აღნიშნა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ერთი წლის მუშაობიდან მთავარ მიღწევად "ადამიანის უფლებების ტოტალურად აღდგენას" მიიჩნევს. მისი თქმით, აღარავის აქვს განცდა და ეჭვი, რომ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს.

"ამის თქმას ნაციონალებიც კი ვერ ბედავენ. მოსახლეობას პოლიციის შიში აღარ აქვთ, დაჭერის და საკუთრების წართმევის აღარ ეშინიათ. ეს არის ის, რაც თითქოს ზედაპირზე არ დევს, არამატერიალური. თავისუფლების განცდა დაბრუნდა, ეს არის ადამიანის ღირსება. ღარიბაშვილმა და მთელმა გუნდმა მართლა საამაყო პოლიცია შექმნა. სამართლოზე კიდევ გვაქვს ეჭვი, რომ ძველის გავლენა არ დარჩეს და სამართლიანი იყოს. რაც შეეხება მატერიალურს, რასაც დავპირდით მოსახლეობას განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის სფეროში, ყველაფერი შევასრულეთ. ჯანდაცვაში ამდენს თუ გავაკეთებდით, არც მეგონა, მართლა სასწაული მოვახდინეთ" - განაცხადა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილმა მისი მთავრობის ერთი წლის მუშაობიდან, ხარვეზებიც დაასახელა. პრემიერის თქმით, "ეს იყო შს ყოფილი მინისტრის მოადგილის გელა ხვედელიძის გადაცდომა და სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმე". ბიძინა ივანიშვილის თქმით, კირვალიძის გამო გული დაწყდა, თუმცა, პრემიერი მიიჩნევს, რომ მინისტრის მიერ პლიტიკური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ძალიან კარგი საქციელი იყო. 

ცნობისთვის, 2013 წლის მაისში ინტერნეტში გავრცელდა მოქალაქე გიორგი ფარესიშვილის პიადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვირტუალურ სივრცეში მისმა მოადგილემ გელა ხვედელიძემ განათავსა. ამის გამო ხვედელიძე დააკავეს. შს მინისტრის ყოფილი მოადგილეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. 14 მაისის ბრძანებით კი, ბიძინა ივანიშვილმა გელა ხვედელიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. საქმეზე სასამართლო მიმდინარეობს და ხვედელიძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს,

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეს, 2013 წლის 1 მაისს, შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამმართველოს უფროსი ომარ თედორაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მექანიზაციის ინსტიტუტის დირექტორი ზაზა მახარობლიძე, შპს "მექანიზატორის" დირექტორი ვაჟა ნახუცრიშვილი და მისი მოადგილეები - მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე და აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი ოთარ ქარჩავა დააკავეს. მათ ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვა, სამსახურებრივი გულგრილობა და ექსპერტებზე ზეწოლა ედებათ. ამის გამო, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მან უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით მთავრობას 2 მაისის სხდომაზე მიმართა.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეოთხე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები