ინციდენტი სოფელ ხურჩაში

შსს-მ ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა

Police.ge

შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა, ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა დააკავეს. 

შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფრომა ნინო გიორგობიანმა თქვა, რომ შამათავასთან ერთად დაკავებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია.

"2008 წლის 21 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, რომან შამათავამ, შსს-ს სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა და განახორციელა ტერორისტული აქტი, რამაც შექმნა ადამიანის სიცოცხლის მოსპობის და მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის განხორციელების საშიშროება, ასევე ხელყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება", - თქვა გიორგობიანმა.

გიორგობიანის თქმით, "2008 წლის 21 მაისს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით სოფელ ხურჩაში მობილიზებულ იქნა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსახლეობა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშვეობით ზუგდიდში გამგზავრებას აპირებდა. დასახელებულ დროს, სოფელ ხურჩაში ტერორისტული აქტის განსახორციელებლად ჩასაფრებულმა რომან შამათავამ, მალხაზ მურღულიამ და მათმა თანამზრახველებმა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ურთიერთშორის ნაწარმოები მრავალჯერადი გასროლით მშვიდობიან მოსახლეობაში გამოიწვიეს პანიკა, აგრეთვე, მალხაზ მურღულიამ "ერ პე გე"-ს ტიპის ყუმბართმტყორცნიდან განხორციელებული ორი გასროლით ააფეთქა ხალხის გადასაყვანად მობილიზებული ავტობუსები. 

აფეთქების შედეგად სრულად განადგურდა ორივე სატრანსპორტო საშუალება, ხოლო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო მოქალაქე ნანი ქარდავამ. ტერორისტული აქტის განხორციელების შემდეგ, ორგანიზატორებმა სატრანსპორტო საშუალების მძღოლებსა და დაჭრილ მოქალაქეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარული ასიგნებებიდან აუნაზღაურეს მიყენებული ზიანი", - თქვა გიორგობიანმა.

გიორგობიანის თქმით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება დამკვეთის და სხვა პირების გამოსავლენად გრძელდება.

კომენტარები