ლაფანყურის სპეცოპერაციის საზოგადებრივი საბჭო

ლაფანყურის სპეცოპერაციის გამომძიებელი საბჭოს შემადგენლობა ცნობილია

news.ge

ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოსაძიებლად შექმნილი საზოგადებრივი საბჭოს შემადგენლობა ცნობილია. სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, შემადგენლობაში შედიან სოსო ცისკარიშვილი, ლია მუხაშავრია, უმარ იდიგოვი, ზაურ გუმაშვილი, ხასო ხანგოშვილი, მურად ქავთარაშვილი, ვახტანგ მაისაია, კახა კახიშვილი, მამუკა არეშიძე, თამარ გაბისონია და გელა ნიკოლაიშვილი.

უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, ” საქართველოს სახალხო დამცველი რამდენიმე თვეა სწავლობს ლოპოტას ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან 2012 წლის 28 აგვისტოს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ადამიანის უფლებათა (მათ შორის, სიცოცხლის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, არაადამიანური მოპყრობისა თუ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების) სავარაუდო დარღვევის საკითხს. განხორციელებული სპეცოპერაციის დროს, სახელმწიფოს სპეციალური ძალოვანი სტრუქტურების მიერ, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სავარაუდო დარღვევის, ამ სახელმწიფო ორგანოების ქმედებებში დანაშაულის შესაძლო ნიშნების არსებობის და გამოძიების პროცესში არსებული ხარვეზების თაობაზე მითითებულია საქართველოს სახალხო დამცველის 2012 წლის საპარლამენტო ანგარიშში. იმ პირობებში, როდესაც სპეცოპერაციის დროს დაზარალებული პირების ოჯახის წევრებს კვლავ გააჩნიათ მრავალი ლეგიტიმური და ამ დრომდე პასუხგაუცემელი კითხვა, ამასთან, არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ისეთი საკითხებისადმი, როგორიცაა სპეცოპერაციის დაგეგმვისა და სისრულეში მოყვანის პროცესი, ლეტალური ძალის გამოყენების აუცილებლობა და ლეგიტიმურობა, საქართველოს სახალხო დამცველი ვერ დარჩება გულგრილი ამ პროცესში ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტების მიმართ, ვინაიდან იგი წინააღმდეგობაში მოვა ომბუდსმენის, როგორც ინსტიტუტის არსებობის ძირითად სულისკვეთებასთან.”

ნანუაშვილი ასევე ამბობს,  რომ სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს სოფელ ლაფანყურში განვითარებული მოვლენების შესწავლას ”რაც გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლით და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული კომპეტენციიდან. კერძოდ, საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ”საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სახელმწიფოებრივი გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, ზედამხედველობას უწევს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ფარგლებსა და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისთვის სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვასა და პატივისცემას...“, ასევე, „საქართველოს სახალხო დამცველი ავლენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას“.

უჩა ნანუაშვილის ცნობით, სწორედ სოფელ ლაფანყურში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სავარაუდო დარღვევების დოკუმენტირების და სრულყოფილი შესწავლის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან შეიქმნა საზოგადოებრივი საბჭო. 

”საბჭოს ძირითადი მიზანი იქნება 2012 წლის აგვისტოში სოფელ ლაფანყურში განვითარებული მოვლენების თაობაზე ინფორმაციის მოძიება და ფაქტების დოკუმენტირება, რათა პასუხი გაეცეს საზოგადოებაში არსებულ განსხვავებულ მოსაზრებებს მოვლენების ფაქტობრივ განვითარებასთან დაკავშირებით. საბჭო ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულთა ინტერესის წარმოჩენაზე და გამოძიების პროცესის დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ წარმართვის აუცილებლობაზე. საბჭო მოამზადებს ანგარიშს, რომელიც შესაბამის მასალებთან ერთად გადაეგზავნება საგამოძიებო ორგანოებს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საბჭო არ წარმოადგენს ალტენატიულ საგამოძიებო უწყებას და პირიქით, ხელს შეუწყობს გამოძიების ყოველმხრივ, ეფექტურად და გამჭვირვალედ წარმართვას. საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური, სხვადასხვა სპეციალობის პირი, რომლებიც არ არიან არც-ერთი პოლიტიკური გაერთიანების წევრები. საკონსულტაციო ჯგუფს ხელმძღვანელობას და კოორდინაციას გაუწევს საქართველოს სახალხო დამცველი. ” - თქვა ნანუაშვილმა.

 

კომენტარები