ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების საკითხზე

EP: პოლიტიკური ოპონენტების პატიმრობა ევროპულ პრინციპებს უგულებელყოფს

ევროპარლამენტის რეზოლუცია მიესალმება საქართველოს პროგრესს მოდერნიზაციის გზაზე, ასევე საქართველოს ხელისუფლების მცდელობას, მოახდინოს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება და იმავდროულად, შეშფოთებას გამოხატავს დემოკრატიული სტანდარტების კუთხით არსებულ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით.

საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების ინიცირების მხარდაჭერასთან ერთად, ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ მისი ხელმოწერა გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ უნდა მოხდეს - ეს პირობებია კანონის უზენაესობის პატივისცემა და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ევროპული სტანდარტებით ჩატარება.

ევროპელი დეპუტატები აღიარებენ გასული წლების მანძილზე ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიმართულებით წინსვლას. ისინი ასევე აღნიშნავენ საქართველოს ხელისუფლების წარმატებას კორუფციის დამარცხების კუთხით, აგრეთვე სამაგალითო არჩევნებს, რომლის შედეგადაც ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდა. მიღწევების აღიარებასთან ერთად რეზოლუცია კრიტიკასაც შეიცავს. ამ მხრივ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნის, ეფექტური სისხლის სამართლებრივი მართლმსაჯულების მიღწევის, არადისკრიმინაციული საარჩევნო სისტემის შექმნისა და უმცირესობების უფლებების პატივისცემის აუცილებლობაზე.

ევროპარლამენტის რეზოლუცია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მიმდინარე სასამართლო პროცესებს, რომლებიც პოლიტიკურ ფიგურებს, მათ შორის ვანო მერაბიშვილს ეხება: ”მიმდინარე სასამართლო პროცესები, რომლებიც პოლიტიკურ ფიგურებს, მათ შორის ვანო მერაბიშვილს ეხება ევროპული სტანდარტებისა და ნორმების სრული პატივისცემით უნდა ჩატარდეს” - აღნიშნულია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

ევროპარლამენტის კრიტიკა ასევე ყურადღებას ამახვილებს შერჩევითი სამართლის გამოყენებით ამომრჩევლისთვის, ხელისუფლების არჩევის უფლების ჩამორთმევაზე, ხაზგასმულია რომ პოლიტიკური ოპონენტების წინასწარ პატიმრობაში და ზოგადად პატიმრობაში ყოფნა ფუნდამენტურ ევროპულ პრინციპებს უგულებელყოფს.

ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოს მთავრობა სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. ის მიესალმა ევროპის პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას. თუმცა მთავრობის განცხადებაში ევროპარლამენტის რეზოლუციის ნაწილები რატომღაც შეცვლილია. მაგალითად, იქ სადაც რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლების ბოლო წლების წარმატებაზე საუბრობს, მთავრობის განცხადებაში წლები თვეებითაა შეცვლილი, არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე ხელისუფლებამ კონკრეტული პირობები უნდა დააკმაყოფილოს. მთავრობის განცხადებაში არც პოლიტიკური ოპონენტების, მათ შორის ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობაა ნახსენები.

ევროპარლამენტმა რეზოლუცია 23 ოქტომბერს მიიღო. რამდენიმე დღით ადრე, რეზოლუციის ტექსტი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა - პირველად ტექსტში ევროპარლამენტარები საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობაზე საუბრობდნენ და ერთერთ პოლიტპატიმრად ვანო მერაბიშვილს მიიჩნევდნენ.

 

კომენტარები