არჩევნები 2013

ზალკალიანი: არჩევნებს უპრეცედენტო გამოხმაურება აქვს

mfa.gov.ge

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის შეფასებით, 27 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისკენ წინგადადგმული ნაბიჯი იყო. როგორც ზალკალიანმა დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე თქვა, არჩევნებს უპრეცედენტო გამოხმაურება აქვს, რაც საქართველოს საერთაშორისო გამოწვევების მიმართულებით დაეხმარება. დავით ზალკალიანის განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები ერთხმად შეაფასეს, როგორც უაღრესად წარმატებული, გამჭვირვალე და დემოკრატიული. 

"ჩატარებული არჩევნები მეტყველებს, რომ დემოკრატია კიდევ უფრო მწიფდება და შეუზღუდავად იყო დაცული გამოხატვისა და გადაადგილების თავისუფლება, საარჩევნო გარემო მიმდინარეობდა დარღვევების გარეშე და მედია იყო ნაკლებად პოლარიზებული. ეს ყველაფერი ნათქვამია საერთაშორისო მონიტორების შეფასებებში. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლებმა გიორგი მარგველაშვილს გამარჯვება მიულოცეს და აღნიშნეს, რომ ვილნიუსის სამიტის წინ ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით თანამშრომლობა გაგრძელდება", - ამბობს ზალკალიანი. მისივე თქმით, ლიტვის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილი უკვე ოფიციალურად მიიწვია ვილნიუსის სამიტზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ NATO-ს გენერალური მდივნისა და ჯეიმს აპატურაის მისალოცი განცხადებები ძალიან საყურადღებოა. დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს ისტორიული უწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რაც ასევე მისასალმებელია.

"დადებითი და პოზიტიური იყო NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთოს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის გამოხმაურებები. არჩევნებს აკვირდებოდა IRI და NDI და მათი მხრიდანაც უაღრესად პოზიტიური განცხადებები გაკეთდა. საპრეზიდენტო არჩევნები დადებითად შეაფასა სუამის საპარლამენტო დელეგაციამაც. ჩვენ ვიღებთ მილოცვებს ევროპული და სხვა პარტნიორი ქვეყნებიდან. გიორგი მარგველაშვილს მიულოცეს შვედეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, თურქეთის პრეზიდენტმა და პრემიერმა, ასევე სომხეთის პრეზიდენტმა. ჩვენ საგარეო მიმართულებით გადავდგამთ სერიოზულ ნაბიჯებს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ჩვენს მიღწევებში აისახოს", - აღნიშნა ზალკალიანმა.

ცესკომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამება დაასრულა. წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ხმების 62,11% მოიპოვა, მას მხარი 1 012 214-მა ამომრჩეველმა დაუჭირა. მეორე ადგილზე ხმათა 21,73%-ით ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა, მან 354 206 ხმა მიიღო. მესამე ნინო ბურჯანაძეა 10,18 %-ით, მას მხარი 165 933 ამომრჩეველმა დაუჭირა.

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდა და ატმოსფეროც კონსტრუქციული იყო.

"კამპანიამ მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. გამოხატვის, გადაადგილების და შეკრების თავისუფლებას პრობლემები არ შექმნია. მედია ნაკლებად პოლარიზებული იყო და შეხედულებათა ფართო სპექტრს ასახავდა. არჩევნების დღეს, ამომრჩეველს თავისუფლად შეეძლო არჩევნის გაკეთება", - წერია დასკვნაში და აღნიშნულია, რომ არჩევნებზე უარყოფითად აისახა ბრალდებები პოლიტიკური ზეწოლის შესახებ, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებზე ადგილობრივ თვითმმართველობაში.

კომენტარები