აშშ-ის სატელეფონო მოსმენები

აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელი სატელეფონო საუბრების მოსმენებს სიცრუეს უწოდებს

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ევროპის ქვეყნების მილიონობით მოქალაქის სატელეფონო საუბრებს უსმენდა, სრული სიცრუეა - ეს განცხადება ამერიკის დაზვერვის დირექტორმა ჯეიმს კლეპერმა კონგრესის დაზვერვის კომიტეტის წინაშე ჩვენების მიცემის დროს გააკეთა. მისივე განმარტებით, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ცნობებს ნატოელი მოკავშირეებიც უზიარებდნენ.

დაზვერვის გენერალ კიტ ალექსანდერის თქმით, ევროპულმა პრესამ მოპოვებული დოკუმენტები არასწორად გაიგო და სინამდვილეში ეს ის ცნობებია, რომელიც აშშ-მა და ნატოელმა პარტნიორებმა უსაფრთხოების მიზნით შეაგროვეს.

ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამერიკის უსაფრთხოების სააგენტო 70 მილიონზე მეტი ფრანგული და 60 მილიონზე მეტი ესპანური სატელეფონო საუბრის მოსმენას ახორციელებდა. ასევე, გამოქვეყნებულ მასალებში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების სამსახურები გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ტელეფონსაც უსმენდნენ.

სატელეფონო მოსმენების შესახებ ინფორმაციამ, რომელიც ამერიკის უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის ედვარდ სნოუდენის მიერ გავრცელებულ საიდუმლო დოკუმენტებს ეყრდნობა, ევროპაში საზოგადოებრივი აგრესია და ამერიკა-ევროკავშირს შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია.

კომენტარები