მერის უფლებების შეზღუდვის კანონპროექტი

თბილისის მერის უფლებები შეიზღუდება

დედაქალაქის მერს თანამდებობის პირების დასანიშნად საკრებულოს თანხმობა დასჭირდება. პარლამენტში უკვე ინიცირებულია დედაქალაქის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის ავტორებიც არიან რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ტრიპოლსკი და მისი პირველი მოადგილე გია ჟორჟოლიანი. 

ახალი კანონის მიღების შემთხვევაში, მერი ვიცემერებს, საქალაქო სამსახურების უფროსებს, გამგებლებს, ადმინისტრაციის უფროსებს დამოუკიდებლად ვერ დანიშნავს ან გაუშვებს.

ტრიპოლსკის განცხადებით, თანამდებობის პირის დასანიშნად საჭირო იქნება, საკრებულომ 1/3-მდე ხმა ერთ კონკრეტულ კანდიდატს მისცეს. მისივე განმარტებით, კანონპროექტით, თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში, მერი საკრებულოში იმავე ან სხვა კანდიდატურებს წარადგენს და, თუ საკრებულო აღნიშნულ პირებს თანხმობას კვლავ არ მისცემს, მაშინ საკრებულოს წარმომადგენელთა 1/3 უფლებამოსილია, ახალი კანდიდატურა თავად წამოაყენოს.

კანონპროექტში ჩადებულია საკრებულოს მიერ თანამდებობის პირებისათვის უნდობლობის გამოცხადების მექანიზმები, რაც სიითი შემადგენლობის უმრავლესობით შეიძლება მოხდეს. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლება აქვს საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს. უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, თბილისის მერი ვალდებულია, თანამდებობიდან გადააყენოს შესაბამისი პირი. 

პროექტით, თუ საკრებულოს წევრთა მიერ წარდგენილი კანდიდატურა ხმათა საჭირო რაოდენობას ვერ მიიღებს, თბილისის მერი თანამდებობაზე მისთვის სასურველ კანდიდატურას ნიშნავს.

ტრიპოლსკის განცხადებით, კანონპროექტის დაჩქარებით მიღება არ იგეგმება და ამიტომ რთული სათქმელია, შესწორება ახალი მერის არჩევნების შემდეგ შევა ძალაში თუ მოქმედი მერის მმართველობისას მოხდება.

 

კომენტარები