საკონსტიტუციო სასამართლო

პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის არჩევა დაავიწყდა

0 კომენტარი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრ ვახტანგ გვარამიას ერთ თვეზე მეტია უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, თუმცა საქართველოს პარლამენტს მის შემცვლელზე ჯერ არ უმსჯელია. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ პარლამენტს ეს საკითხი გამორჩა და ჯერჯერობით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანდიდატურაზე მსჯელობა არც დაწყებულა.

"გაგვეპარა დრო, ჯერ არავის კანდიდატურა არ განიხილება", - განუცხადა ვახტანგ ხმალაძემ ტაბულას.

ვახტანგ გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე საქართველოს პარლამენტმა 2003 წლის 23 ივნისს აირჩია, უფლებამოსილების შესრულებას კი იმავე წლის 23 სექტემბერს შეუდგა. გვარამიას უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2013 წლის 23 სექტემბერს ამოეწურა. საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი, იურისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ პარლამენტი ვალდებული იყო, გვარამიას შემცვლელი ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე, ან ამოწურვიდან მაქსიმუმ 10 დღეში აერჩია.

"აქ ორ პრობლემას ვხედავ: პარლამენტმა დაარღვია კანონი მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო მოულოდნელი ამბავი და მას შეეძლო ამის წინასწარ განსაზღვრა და მეორე ის, რომ თუ კანდიდატურაზე მსჯელობა საერთოდ არ მიმდინარეობს, ძალიან ცუდია. ასევე ცუდია, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კანდიდატურების განხილვა დახურულად მიმდინარეობს", - განუცხადა ტაბულას იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.

საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია. ის იღებს გადაწყვეტილებებს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების კონსტიტუციურობაზე. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს, პრეზიდენტის, მთავრობის წევრის და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა დაარღვიეს თუ არა კონსტიტუცია. იურისტი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ ასეთ საპასუხისმგებლო პოსტზე კანდიდატები ყურადღებით უნდა შეირჩნენ.

"ეს უნდა იყოს არა მარტო გამოცდილი და კარგი იურისტი, რაც ყველაზე მთავარია, ის უნდა მიუკერძოებელი, რადგან სწორედ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს საკონსტიტუციო დავები", - ამბობს ვახუშტი მენაბდე. მისივე განცხადებით, ამ კანდიდატურის შერჩევის პროცესში არასამთავრობო სექტორთან ერთად მონაწილეობა უნდა მიიღონ აკადემიურმა წრეებმა, რადგან მნიშვნელოვანია მას ჰქონდეს საზოგადოების ნდობა.

საკონსტიტუციო სასამართლო სულ 9 წევრისგან შედგება. მათგან სამს ნიშნავს პრეზიდენტი, სამს - უზენაესი სასამართლო, დანარჩენ სამ წევრს კი პარლამენტი ირჩევს ხმათა უმრავლესობით. ვახტანგ გვარამია პარლამენტის მიერ იყო არჩეული და სწორედ ამიტომ, პარლამენტს უნდა ემსჯელა მისი შემცვლელის არჩევაზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები