გელათის სამონასტრო კომპლექსი

აშშ გელათის მონასტრის რესტავრაციაში მონაწილეობას აგრძელებს

0 კომენტარი
ფოტო: georgia.usembassy.gov

ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის არქიტექტურული რეაბილიტაციის პროექტის წარდგენისას თქვა, რომ პროექტისთვის მისი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამიდან 600 000 დოლარი გამოიყო.

ნორლანდის თქმით, აშშ-მა გარკვეული თანხა აქამდეც გამოყო, რომლის ფარგლებშიც გელათის სამონასტრო კომპლექსის შესწავლითი და შენარჩუნებითი სამუშაოები განხორციელდა.

"ახალი პროექტი კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას. საქართველო კულტურული მემკვიდრეობის დარგში ზესახელმწიფოა. იმედი გვაქვს, ამ პროექტის განხორციელების შემდეგ გელათის სამონასტრო კომპლექსი კვლავ წარდგება თავისი სიდიადით უცხოელი მნახველების წინაშე. ამ პროექტს აქვს ასევე სხვა დატვირთვაც - ის საქართველო-ამერიკის ორმხრივ ურთიერთობებში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია", - თქვა ნორლანდმა.

რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციას აშშ-ის საელჩოში დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიც დაესწრო. გურამ ოდიშარიამ აშშ-ის ელჩს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და გელათის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"გელათი მხოლოდ ისტორიული ნაგებობა არ არის. ჩვენ გვინდა, იუნესკოს ახალი ნომინაციების გამოცხადებისას გელათი საუკეთესო სახით წარდგეს, რისი საშუალებაც ჩვენ აშშ-ის ელჩმა მოგვცა. გელათი საქართველოს სულიერების ნაწილია და ყოველ სულიერს სათუთად მოპყრობა, გაფრთხილება სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ამ ურთიერთობებს აღნიშნული პროექტით ახალი ფერი უკვე შეემატა", - თქვა ოდიშარიამ.

პროექტს საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტთან თანამშრომლობით განახორციელებს. პროექტის ფარგლებში გელათის ექსტერიერზე ეტაპობრივად, სამი წლის განმავლობაში ჩატარდება სამუშაოები, შეიცვლება გადახურვა, აღდგება ისტორიული კერამიკული ფილები, მოხდება ქვის კონსერვაცია და დამუშავდება ქვის ზედაპირი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ძეგლზე გაზაფხულიდან დაიწყება.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, 2001 წლიდან დღემდე ქართული კულტურის რეაბილიტაციის, დაცვისა და წარმოჩენისათვის თითქმის ერთი მილიონი დოლარი გაიღეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები