TI სპამ SMS რეკლამებზე

TI-იმ იმ კომპანიების სია გამოაქვეყნა რომლებიც სპამ SMS რეკლამებს იყენებენ

ყველა კომპანიას, რომელიც სპამ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნის, მოვუწოდებთ კანონი და მომხმარებელთა უფლებები დაიცვან - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" განცხადებაში.

ორგანიზციის ინფორმაციით, სპამ SMS რეკლამების გზავნით კომპანიები პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონს არღვევენ. 
"გვსურს მოვუწოდოთ მათ პატივი სცენ კანონს, ასევე იზრუნონ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვაზე. სწორედ ამიტომ, შევაგროვეთ და ვაქვეყნებთ იმ კომპანიათა სიას, რომლებიც საკანონმდებლო ნორმებს უგულებელყოფენ.აღნიშნული კანონის მე-5 და მე-8 მუხლების მიხედვით, SMS-ების გამგზავნი პირი ვალდებულია მოიპოვოს მომხმარებლის თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების (სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი ნომერი და ემაილ) დამუშავებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მონაცემები მოპოვებული უნდა იყოს საჯარო წყაროებიდან. აღსანიშნავია, რომ "საჯარო წყაროს" ქართული კანონმდებლობა არ განმარტავს. ნებისმიერ შემთხვევაში, SMS-ების გამგზავნი პირი ვალდებულია შეატყობინოს მომხმარებელს, რომ მას აქვს უფლება უარი თქვას შეტყობინებების მიღებაზე, რასაც, კომპანიები, როგორც წესი, არ აკეთებენ", - ნათქვამია განცხადებაში.

სპამ SMS რეკლამებს იყენებენ Alltours; Alta; Amboli; ARAY Tomorrow; Baldi; Bosch; Carrefour; Chic Bebe; City Club; Club 71; Elit Electronics; GASA; HInterior; KSB Bank;  Lotus; MEDI; Megaline; Mnapoleone; Nissan;  OK; RAK ceramics; Safilo; Salamander; Samsung; Smiley; Techno Boom; TK – Batumi; ტურისტული სააგენტო "საქართველო" და Vivasun.

როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში" აცხადებენ, გაურკვეველი რჩება, თუ როგორ მოიპოვეს მობილური მარკეტინგის კომპანიებმა მოქალაქეთა ტელეფონის ნომრები და სხვა მონაცემები. 
მათივე ინფორმაციით, მობილური კავშირის ოპერატორმა კომპანიებმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განუცხადეს, რომ ისინი მომხმარებელთა ნომრებსა და მათ შესახებ ინფორმაციას მესამე მხარეს არ უზიარებენ და არ ყიდიან. 
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ასევე ესაუბრა GeoSMS-ს და Paradox Georgia-ს - კომპანიებს, რომლებიც მობილური რეკლამების დაგზავნით არიან დაკავებულნი.

"კომპანიებმა დაადასტურეს, რომ მათ მობილური ტელეფონის ნომრებისა და მათთან დაკავშირებული სხვა მონაცემების რამდენიმემილიონიანი ბაზები აქვთ. თუმცა არც Paradox Georgia-მ და არც GeoSMS-მა ჩვენთან საუბარში არ დააზუსტა, თუ რა გზით მოხდა მათ ხელთ არსებული მონაცემების მოპოვება. კომპანიების წარმომადგენლების თქმით, კანონმდებლობა მათ არ ავალდებულებს წყაროს გამხელას და ათობით ათასი SMS-ის მომხმარებლების წინასწარი ნებართვის გარეშე დაგზავნა კანონს არ ეწინააღმდეგება.

 

კომენტარები