კბილაშვილის გადადგომა

კბილაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა

საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება პროკურატურაში დღეს გააკეთა. ის პოსტს 17 ნოემბრის ინაუგურაციის შემდეგ დატოვებს.

”მე მინდა, გავაკეთო განცხადება საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შესახებ. ყველას გაუჩნდება კითხვა, რატომ მივდივარ. წინდაწინვე მინდა ვთქვა, რომ არავითარი უთანხმოება ჩემსა და მომავალ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის არ არსებობს. ჩვენ ერთმანეთის გვერდით მოგვიწია მუშაობა გასული ერთი წლის განმავლობაში და ჩვენს შორის ღირსეული კოლეგიური ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ჩვენ ჩვენს კოლეგებთან ერთად არაერთი დღე და ღამე გაგვიტარებია ერთად დანაშაულთან ბრძოლაზე ფიქრში და შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლი ღირსებით და წესიერებით სავსე ადამიანია. რასაკვირველია, ჩვენ გვქონდა და გვაქვს განსხვავებული შეხედულებები პრიორიტეტებთან გამოწვევებთან და სამართალდაცვით სფეროში გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით, მაგრამ აღნიშნული ერთ გუნდში მყოფი საერთო მიზნის მქონე თანამებრძოლების განსხვავებული შეხედულებებია, რაც ყოველთვის არსებობდა და მომავალშიც იარსებებს ბიძინა ივანიშვილის რეფორმატორთა გუნდში. მე წარმატებები მინდა, ვუსურვო მას ახალ ასპარეზზე.” - თქვა კბილაშვილმა პროკურატურაში.

არჩილ კბილაშვილის თქმით, მისთვის პროკურატურაში გატარებული წელი ”მრავლისშემმეცნებელი იყო”. მისივე თქმით, განვლილი წელიწადი უწყებისთვის რეპრესიიდან ლიბერალიზაციისკენ გარდამავალი პერიოდი იყო. კბილაშვილმა პროკურატურის მიღწევებზეც ისაუბრა.

”პრემიერ ივანიშვილის წყალობით, მე საშუალება მომეცა პირველად ჩემს ცხოვრებაში მემსახურა სახელმწიფო სამსახურში და თანაც ესოდენ მაღალ თანამდებობაზე. განვლილი ერთი წელი საქართველოს პროკურატურისათვის რეპრესიიდან ლიბერალიზაციისკენ გარდამავალი პერიოდი იყო, ჩვენ ხელი ავიღეთ სასამართლოს კონტროლზე, გაიზარდა ადვოკატთა უფლებები, შევამცირეთ დაჭერები, გავათავისუფლეთ უკანონოდ ბრალდებულები, სისხლის სამართლებრივი დევნას ჩამოვაშორეთ ფისკალური ეფექტი და შევეცადეთ ხალხისთვის გვეჩვენებინა, რომ სამართალი არ იყიდება. დავიწყეთ საზოგადოებასთან ჩატეხილი ნდობის ხიდების აღდგენა. ჩემი საქმიანობის დრო საქართველოში ორხელისუფლებიანობის პერიოდს დაემთხვა, აქედან გამომდინარე, პროკურატურის საქმიანობა იმ პოლიტიკით იყო ნასაზრდოები, რომელიც ხალხში კოჰაბიტაციის სახელით არის ცნობილი. ამიტომ, ბუნებრივია ისიც, რომ ვარ კოჰაბიტაციით განაწყენებული მოქალაქეთა წყრომის ადრესატიც. თუმცა ვთვლი, რომ პრემიერ ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკა, რომელიც სისხლის სამართლის სფეროში ზომიერებითა და დაბალანსებულობით გამოირჩეოდა ერთადერთი სწორი პოლიტიკა იყო. აღნიშნული არ ნიშნავს, რომ ვერ ვხედავდი ან მომწონდა ნაკლოვანებები, რაც პროკურატურას მემკვიდრეობით აქვს მიღებული.” - აღნიშნა კბილაშვილმა.

კბილაშვილმა ასევე თქვა, რომ ახალი პრემიერისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებების დადასტურებითანავე, საქართველოს პროკურატურაში სისტემური რეფორმა უნდა გატარდეს.

”მე მტკიცედ მჯერა, რომ ახალი პრეზიდენტის და ახალი პრემიერის უფლებამოსილების დადასტურებისთანავე, ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მიზნით, უნდა დაიწყოს სისტემური რეფორმა საქართველოს პროკურატურაში, უნდა მოხდეს ფუნქციათა გამიჯვნა, შიდა კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბება, გამოძიებაზე პროკურატურის საზედამხედველო როლის გაძლიერება. პროკურატურის რეპრესიული მანქანა უნდა შეიცვალოს ინსტიტუციონალურად ახალი ევროპული მოდელის პროკურატურით. განსახორციელებელი რეფორმის უვერტურად მესახება ახალი პოლიტიკის შემუშავება, თეთრი საყელოს დანაშაულის გამოძიებისას, რომლის განხორციელებისათვის მუშა ჯგუფი უკვე შეუდგა თავის საქმიანობას. დადგა დრო, მკაფიო პასუხის გაეცეს ქონება ჩამორთმეულთა და უკანანო განაჩენით მსჯავრდებულთა პრეტენზიებს.” - თქვა მთავარმა პროკურორმა.

კბილაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც პრემიერმა სამოქალაქო სექტორში გადასვლა გადაწყვიტა, კბილაშვილმა ასევე გადაწყვიტა სამოქალაქო სექტორში გადასულიყო და მხარში ამოდგომოდა ”აწ უკვე საზოგადო მოღვაწე ბიძინა ივანიშვილს”.

”და მაინც, რატომ მივდივარ - მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა და სამოქალაქო სექტორში გადასვლა გადაწყვიტა, არაერთხელ მისაუბრია მასთან იმის შესახებ, რომ ჩემი საადვოკატო და საპროკურორო გამოცდილებით, ჩემი ცოდნითა და ადამიანებთან დაგროვილი ურთიერთობების გამოყენებით, მასთან ერთად, მეც დამეტოვებინა თანამდებობა, მეც გადავსულიყავი სამოქალაქო სექტორში და მხარში ამოვდგომოდი აწ უკვე საზოგადო მოღვაწე ბიძინა ივანიშვილს.” - თქვა კბილაშვილმა.

მთავარი პროკურორის თქმით, ივანიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლისა და სამოქალაქო სექტორში გადასვლის შესახებ, მას საუკეთესოდ მიაჩნია.

”მე იმ ადამიანთა შორის ვარ, ვისაც პრემიერის გადაწყვეტილება პოსტის დატოვების შესახებ საუკეთესოდ მიაჩნია, პირველ რიგში ეს ზნეობრივი ნაბიჯია, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის განვითარების ყველაზე კრიტიკულ მომენტში საკუთარი სიცოცხლისა და სხვა პირადი სიკეთის მსხვერპლად გაღების ფასად, ქვეყანა მრავალი განსაცდელისგან იხსნა და ახლა ხელისუფლების მწვერვალზე ყოფნისას, მისი თანამდებობიდან წასვლა ადასტურებს, რომ მისი ბრძოლა ზნეობრივ იდეალს და არა ხელისუფლებაში მოსვლას ემსახურებოდა. მეორე, ივანიშვილის ნაბიჯი ვაჟკაცური ნაბიჯია - არ ჩავარდე ხელისუფლებით ტრფობის ხიბლში და დატოვო ის ძალაუფლების ზენიტში, ეს ვაჟკაცობაა. მსოფლიოს უახლეს ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს. გარდა ამისა, ივანიშვილის ამ ნაბიჯს, ქვეყნაში დემოკრატია ახალ ხარისხში აჰყავს. ბიძინა ივანიშვილი გამორჩეული ავტორიტეტია, მისი სახელისუფლებო გუნდიდან წასვლა მის გუნდს თანასწორთა გუნდად გადააქცევს და გადაწყვეტილების მიღების დემოკრატიულობის ხარისხს გაზრდის. და ბოლოს, ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლა რჩება მაგალითად, რომ მისი გუნდის ყველა წევრისათვის კარგად იყოს გაცნობიერებული, რომ ხელისუფლებაში ყოფნა მათთვისაც დროებითია და თანამდებობა ბოროტად არ გამოიყენონ, იმისათვის, რომ საზოგადოებას ბოროტად არ მოწყდნენ და საზოგადოებაში უკან დაბრუნების საშუალება დარჩეთ. აი, ამ და კიდევ სხვა მოსაზრებათა გამო მე მიმაჩნია, რომ ივანიშვილის ნაბიჯი თანამდებობიდან და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ არამარტო ვაჟკაცური, არამედ დროული და გონივრული გადაწყვეტილებაცაა.” - განმარტა კბილაშვილმა.

კბილაშვილის შეფასებით, მისი თანამდებობაზე დანიშვნა ნაადრევად მოხდა.

”ვინც ამ კაცს[ივანიშვილს] იცნობს, ის დამეთანხმება რომ მისი დარწმუნება ყოველთვის ძნელია, და ყოველ ჯერზე იგი მეუბნებოდა რომ, თანამდებობის დატოვება ჩემთვის ნაადრევია, მე კი ვფიქრობ, რომ თანამდებობაზე ჩემი მოსვლა მოხდა ნაადრევად. რადგან წინა რეჟიმს რომ მართლმსაჯულების კარი არ ამოეგმანა, არც პოლიტიკისაკენ და არც თანამდებობისაკენ გამხედავი არ ვიყავი, ყოველ შემთხვევაში 41 წლის ასაკში, როგორც ეს ჩემს სინამდვილეში მოხდა.” - დასძინა კბილაშვილმა.

კბილაშვილმა პროკურატურაში ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ თანამდებობაზე ყოფნა მისთვის ღირებულებას არ წარმოადგენს. ”არც იმას უარვყოფ, რომ პროკურატურის გარდაქმნისა და არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის დროსთან დაკავშირებით, ჩემი და პრემიერ ივანიშვილის მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ ეს შეეხება დროს და არა პრინციპებს, პრემიერი, ისევე როგორც მე, ფიქრობს, რომ საქართველოში ევროპული ტიპის პროკურატურა უნდა შევქმნათ, ოღონდ მე შედარებით სწრაფი მოქმედების მომხრე ვარ. ვნახოთ, დრო აჩვენებს, რამდენად ვცდებოდი. იმის გამო, რომ პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია, მთავარ პროკურორს ევალება პრემიერის მიერ განსზაღვრულ პოლიტიკას მისდიოს.

სწორედ ამიტომ, ბიძინა ივანიშვილთან ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად მეც დავტოვო თანამდებობა და მასთან ერთად, როგორც მისმა თანაგუნდელმა და თანამოაზრემ, საქმიანობა გავაგრძელო სამოქალაქო სექტორში. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილს თანდგომა გავუწიო, იმ ამოცანების შესრულებაში, რასაც იგი საზოგადო მოღვაწეობისას განახორცილებს, მე ვუსურვებ საქართველოს პროკურატურას წარმატებებს, საქართველოს სახელმწიფოსა და საზოგადოების სამსახურში.” - თქვა საქართველოს მთავარმა პროკურორმა.

არჩილ კბილაშვილის თქმით, ის არცერთ სახელმწიფო უწყებაში მუშაობას არ აპირებს. მათ შორის, არც გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე. მისივე თქმით, ახალ პროკურორს მომავალი პრემიერი აირჩევს.

არჩილ კბილაშვილი საქართველოს მთავარ პროკურორად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა.

კომენტარები