შს მინისტრი

შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე გახდება

ალექსანდრე ჭიკაიძე
შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ალექსანდრე ჭიკაიძე შეცვლის. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, "ლექსო ღირსეული პოლიციელის ოჯახში გაიზარდა და მას ძალიან კარგი მამა ჰყავდა". ღარიბაშვილის განცხადებით, ჭიკაიძემ შსს-ში მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო.

"მან პრაქტიკულად ყველა ეტაპი ძალიან წარმატებულად გაიარა. ჯერ იყო დამწყები ოპერატიული თანამშრომელი. შემდეგ გამომძიებელი დეტექტივი, შემდეგ გახდა თბილისში ერთ–ერთი პოლიციის განყოფილების უფროსი. ბოლოს მე დავნიშნე კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსად, სადაც ბრწყინვალედ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. ჩემი თანამშრომლები ამბობდნენ, რომ ლექსომ საათივით ააწყო და გამართა სისტემა, ჯერ კახეთის სამართველოში და შემდეგ უკვე თბილისში. გაზაფხულზე, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა თბილისის სამართველო და სულ რაღაც რამდენიმე თვეში, ასევე საათივით ააწყო და გამართა. მას ჰყავს ძალიან კარგი გუნდი. რაც მთავარია, ლექსომ აჩვენა, რომ მას შეუძლია მართვა. თბილისი არის ყველაზე რთული ქალაქი საქართველოში. ასე, რომ მე სრულ ნდობას ვუცხადებ ბატონ ალექსანდრეს. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ეფექტური მინისტრი იქნება".– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავად ალექსანდრე ჭიკაიძემ მოქმედ შს მინისტრს მადლობა გადაუხადა.

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბატონი ირაკლის დაწყებული საქმე ღირსეულად გავაგრძელო" - თქვა მან.

შსს-ს ინფორმაციით, ალექსანდრე ჭიკაიძე 1985 წლის 6 ივნისს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტი, დიპლომატიის სპეციალობით. არის პოლიციის პოლკოვნიკი.

მომავალი შს მინისტრის პროფესიული გამოცდილება კი, ასეთია:

2013 წლის მარტიდან დღემდე - შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი;

2012 -2013 წწ - შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი;

2011-2012 წწ - შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის განყოფილების უფროსი;

2010-2011 წწ - შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი;

2009 წ - შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი;

2008- 2009 წწ - მუშაობდა თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის და ვაკე-საბურთალოს რაიონის სხვადასხვა განყოფილებაში.

შს მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა თავის შემცვლელად მოქმედი შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე გუშინ დაწერა, რომ შს მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე ჭიკაიძის კანდიდატურა განიხილებოდა.

 

კომენტარები