რუსეთი

რბილი უძლურება

გრიგოლ გეგელია
0 კომენტარი

რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს საქართველოს დაპყრობას. თუმცა, ამჯერად ამას უფრო ჭკვიანური გზით აკეთებს, ვიდრე ტრადიციულად. დღეს რუსეთის ფედერაცია ცდილობს, „რბილი ძალის" გამოყენების მეშვეობით საქართველოს გული მოიგოს. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი პოლიტიკური ბუნებიდან გამომდინარე, ამას ჯერჯერობით ეფექტურად ვერ ახერხებს, ცხადია, რომ არსებობს სერიოზული მცდელობა. თუმცა, მცდელობის გარდა, ასევე არსებობს შესაძლებლობა, კრიზისულ ვითარებაში მყოფი საქართველო, რომელსაც მტკივნეული რუსული ჩექმა მრავალჯერ უწვნევია, ამჯერად რუსულ რბილ ანკესს წამოეგოს. მაშ, რას ნიშნავს „რბილი ძალა"? როგორ იყენებს რუსეთი მას თანამედროვე საქართველოში? და რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამის საპირისპიროდ?

„რბილი ძალის" ცნება, მის აწ უკვე სახელგანთქმულ თეზისში „რბილი ძალა: წარმატების საშუალება მსოფლიო პოლიტიკაში", ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯოზეფ ნაიმ განავითარა. მოგეხსენებათ, ძალაუფლება კომპლექსური რამაა და მისი სხვადასხვა სახეობა არსებობს. მაგრამ, ძალაუფლებას თუ აღვიქვამთ, ყველაზე მარტივად, როგორც უნარს საკუთარი ნების შესაბამისად განაპირობო სხვისი ქმედება, მაშინ არსებობს „მყარი ძალა", ისე როგორც „რბილი ძალა".

„მყარი ძალა" ძალაუფლების ყველაზე ტრადიციულ იდეას ასახავს, რომელიც ყველა ჩვენგანისათვის კარგადაა ცნობილი. ძალაუფლების ამ სახისთვის, უმთავრესი რესურსი სამხედრო და ეკონომიკური ძალაა. ანუ, ამგვარი ძალაუფლების პირობებში, სხვათა ქმედებებზე გავლენა ადამიანს მაშინ აქვს, როდესაც ის ფლობს ძალისმიერ ინსტრუმენტებს – მაგალითად, ჯარს – რომელთა გამოყენების ალბათობა შიშს აღძრავს და, შესაბამისად, ამ ინსტრუმენტის მფლობელს კონკრეტულ ძალაუფლებას ანიჭებს. თუმცა, „მყარი ძალის" ფორმაა ეკონომიკური სტიმულიც. ეკონომიკური კეთილდღეობის მინიჭების პერსპექტივის შექმნით, ეკონომიკური სტიმულის წარმომშობი მესამე პირზე საკუთარ გავლენას განავრცობს და მისგან სასურველ ქმედებას იღებს.

ამისგან განსხვავებით, „რბილი ძალა" ძალაუფლების ისეთი სახეა, რომელიც არ საჭიროებს არც ძალდატანებას და არც ეკონომიკური სტიმულის გაცემას. როგორც ჯოზეფ ნაი აღნიშნავს, რბილი ძალა არის „უნარი, მიაღწიო შედეგს არა ძალდატანების ან გადახდის, არამედ დარწმუნებისა და მიმზიდველობის მეშვეობით". უპირველეს ყოვლისა, „რბილი ძალა" სწორედაც რომ მიმზიდველი ძალაა. მის მიმზიდველობას სხვადასხვა რანგის ფაქტორები და მახასიათებლები განაპირობებს, უმთავრესად კი ღირებულების სისტემათა თანხვედრა, ისე, როგორც ამ ღირებულებების განხორციელების პროცესში თანაზიარობის განცდა.

ნაის მიხედვით, „ქვეყნის „რბილი ძალის" უმთავრესი ელემენტები შეიცავენ მის კულტურას (როდესაც ის სხვებისთვის სასიამოვნოა), მის ღირებულებებს (როდესაც ისინი მიმზიდველი და თანმიმდევრულად განხორციელებულია) და მის პოლიტიკას (როდესაც ისინი აღქმულია, როგორც ინკლუზიური და ლეგიმიტური)". „რბილი ძალის" მოპოვება ფართო რანგის მექანიზმების მეშვეობითაა შესაძლებელი, რომელთა შორის გახლავთ „საჯარო დიპლომატია, მაუწყებლობა, გაცვლითი პროგრამები, განვითარების ხელშეწყობა, შემწეობის აღმოჩენა კატასტროფების ჟამს". ცხადია, აქედან თითოეულს შეუძლია ქვეყნის კონკრეტული იმიჯის შექმნა და მისი პოპულარიზება, რითაც ის სხვა ქვეყნების თვალში მომხიბვლელობას იხვეჭს და მათ ნებაყოფლობით იზიდავს.

მაგალითად, თანამედროვე საქართველოში, შიდა პოლიტიკურ სცენაზე, „რბილი ძალის" ყველაზე წარმატებული მფლობელი გახლავთ საქართველოს პატრიარქი, ილია II, რომელსაც ძალაუფლების განსახორციელებლად არც ძალისმიერი მეთოდების გამოყენება და არც მის მიერ მართულთა ეკონომიკური წახალისება სჭირდება. ილია II-ს აქვს მორალური და რელიგიური ავტორიტეტი, რომელიც სრულიად საკმარისია მორწმუნე მართლმადიდებელ ქრისტიანზე გავლენის მოსაპოვებლად. პატრიარქს არ სჭირდება არც ექსკომუნიკაციის მუქარის გაცემა და არც მრევლის დაფინანსება, რადგან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმდევარი თავისთავად არის პატრიარქის ღირებულებათა სისტემის თანაზიარი და მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დასახული მიზნების ლეგიტიმურობისა და სიკარგის რწმენაც აქვს. ამის მსგავსად, შესაძლოა, რადიკალი მუსლიმი იყოს ტერორისტი ლიდერის მიმდევარი არა ფინანსური სარგებლის ნახვის, ან სულაც ძალისმიერი მეთოდებით იძულებულობის გამო, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ მას იმავე ღირებულებათა სისტემა აქვს, რაც მის ტერორისტ წინამძღოლს. და ამდენად, საკუთარ თავს ბედნიერად და სრულყოფილად მიიჩნევს, როგორც მოცემული ღირებულების განხორციელების პროცესის თანაზიარი და მონაწილე.

ანუ, საკუთარი მახასიათებლებისა და ღირებულებების გამოყენებით, „რბილი ძალა" თავად ქმნის გემოვნების ერთგვარ ბაზარს. ამგვარი ძალაუფლების გამტარებელი სხვა ქვეყნებზე გავლენას მოიპოვებს არა იძულებით, არამედ მათ ნებაყოფლობითი თანამშრომლობისაკენ იწვევს საკუთარი ღირებულებებისა და იდეალების პოპულარიზებისა და განვრცობის მეშვეობით. შესაბამისად, „მყარი ძალისგან" განსხვავებით, „რბილი ძალა" არა ბრძანებების გაცემით, დაშინებით თუ ეკონომიკური წახალისებით, არამედ გემოვნების პოლიტიკით მანიპულირების შედეგად ოპერირებს. ამდენად, „რბილი ძალა", გარკვეულწილად, იდეების ერთგვარ ბაზარსაც წარმოადგენს.

ყველა სახელმწიფო სხვადასხვა სახის „რბილი ძალის" განვითარებას ცდილობს. მაგალითად, ამერიკა მიმზიდველია, როგორც თავისუფლებისა და სამართლის ღირებულებების დამცველი ძლიერი სახელმწიფო. ამერიკის „რბილი ძალის" უმთავრესი წყარო, უწინარეს ყოვლისა, მისი სამოქალაქო საზოგადოებაა, რომელიც კრიტიკულობის მიუხედავად, ცენზურის წნეხის ქვეშ არ ექცევა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის „რბილმა ძალამ" ევროპაში უწინდელი პოპულარობა აღმოსავლეთში გატარებული ამერიკული სამხედრო პრაქტიკის შემდეგ დაკარგა.

როგორც ევრობარომეტრის გამოკითხვამ აჩვენა, ამერიკული სამხედრო ოპერაციების შემდეგ ევროპელებმა ჩათვალეს, რომ ამერიკა სათანადოდ აღარ იცავდა ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა, მაგალითად, მსოფლიო მშვიდობის შენარჩუნება და გლობალური სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა. ანუ, ამერიკის „რბილმა ძალამ" დარტყმა მაშინ იწვნია, როდესაც მიმღებმა საზოგადოებამ ჩათვალა, რომ ამერიკისა და მათი ღირებულებები ნაკლებად, ან საერთოდ აღარ მოდიოდა თანხვედრაში. შედეგად, ბუშის ადმინისტრაციის „რბილი ძალა" დასუსტდა, შემდეგი რეალური აღმავლობა კი უკვე პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის პირობებში შეინიშნა.

„რბილი ძალის" განვრცობის აუცილებლობას ჩინეთი და რუსეთიც გრძნობენ. ნაის „რბილი ძალის" ცნება ჰუ ძინტაოს, ისევე როგორც ვლადიმირ პუტინს, საჯარო გამოსვლებშიც უხსენებიათ. ნაი მართებულად აღნიშნავს, რომ „რბილი ძალის" განვრცობა ჩინეთს, უპირველეს ყოვლისა, მისი მზარდი სიძლიერით დაშინებული მეზობლების გულის მოსაგებად და მათი კოალიციების დასასუსტებლად სჭირდება, რუსეთს კი საკუთარი დაღმავალი ძალაუფლების საბოლოო დაცემის შესარბილებლად.

მაგალითად, „რბილი ძალის" განვრცობის მიზნით, ჩინეთმა კამბოჯის პარლამენტი და მოზამბიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ააშენა, ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზებისთვის მსოფლიოს ირგვლივ ასობით „კონფუცის ინსტიტუტი" დააარსა, 2008 წელს წარმატებულად უმასპინძლა პეკინის ოლიმპიადას, 2010 წელს კი 70 მილიონი სტუმარი მიიღო შანხაის ექსპოზიციაზე. ანალოგიურად, ახლახან ვლადიმირ პუტინმა „რბილი ძალის" განვრცობა ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახა და „რუსული ენის პოზიციის გაძლიერებაზე" ისაუბრა. ცხადია, პუტინის ადმინისტრაციას რუსული „რბილი ძალის" განვრცობის მორიგ წარმატებულ შესაძლებლობას სთავაზობს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაც.

თუმცა, „რბილი ძალის" განვრცობისას, რუსეთსა და ჩინეთს არსებითად მსგავსი პრობლემა აქვთ: საკუთარი პოლიტიკური ტრადიცია. მაგალითად, ოლიმპიადის წარმატებულად ჩატარების მიუხედავად, რომელმაც რეგიონში ჩინეთის იმიჯზე პოზიტიური გავლენა იქონია, ჩინეთმა, ფაქტობრივად, მომენტალურად მიჰყო ხელი ადამიანის უფლებების დარღვევას და თავს დაესხა უფლებადამცველებს. მსგავსად, „რბილი ძალის" განვრცობის გარკვეული მცდელობის მიუხედავად, ვერც რუსეთი ღალატობს ტრადიციულ გზებს. მუქარების, სავაჭრო ომების, ბლოკადებისა თუ მეზობელი ერების სუვერენიტეტის შეურაცხყოფის შედეგად, ისე, როგორც აგრესიული რიტორიკის რეგულარულად გამოყენებით – რაც სცენაზე აბრუნებს „მყარი ძალის" ტრადიციულ იდეას – რუსეთი აკნინებს საკუთარ მცდელობას, განავრცოს „რბილი ძალა", რომელიც არა ძალისმიერი მეთოდებით, არამედ მომხიბვლელობითა და დარწმუნებით ოპერირებს. რუსეთის, ისევე როგორც ჩინეთის პრობლემა არის სერიოზული აცდენა „რბილი ძალის" რიტორიკასა და „მყარი ძალის" მეთოდებით აღჭურვილ პოლიტიკურ პრაქტიკას შორის, რომელიც „რბილი ძალის" განვრცობის რუსულ მცდელობებს არადამარწმუნებელს და, საბოლოოდ, არაეფექტურს ხდის.

„რბილი ძალა" ძალაუფლების ისეთი სახეა, რომელიც არ საჭიროებს არც ძალდატანებას და არც ეკონომიკური სტიმულის გაცემას. რბილი ძალა არის „უნარი, მიაღწიო შედეგს არა ძალდატანების ან გადახდის, არამედ დარწმუნებისა და მიმზიდველობის მეშვეობით".

ეს რუსეთისათვის ორმაგად წაგებიანია, რადგან მისი „რბილი ძალა" ისედაც საკმაოდ სუსტია. რუსულ-ქართული კონფლიქტის შესახებ საუბრისას, სერგეი კარაგანოვმა მართებულად აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა გამოიყენოს „მყარი ძალა", მათ შორის, სამხედრო ძალა" არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის საშიშ სამყაროში ცხოვრობს, არამედ იმიტომაც, რომ „მას აქვს მცირე „რბილი ძალა" – ანუ, მცირე სოციალური, კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური მიმზიდველობა". თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, რუსეთს ხელთ კიდევ ერთი ინსტრუმენტი უპყრია, რომელსაც ჩვენი მოქალაქეობრივი სენი კვებავს. ეს გახლავთ ჰომოფობია, რომელიც ასაზრდოებს მცდარ იდეას, რომ დასავლეთი რყვნის, რუსეთი კი მორალურად სუფთაა.

ცხადია, გეოპოლიტიკური კონკურენცია აუცილებლად გულისხმობს იდეებისა და იდეოლოგიების კონკურენციას. ასე და ამგვარად, დასავლური ლიბერალური იდეის – ანუ, თავისუფალი და სამართლიანი სახელმწიფოს – საპირწონედ, რუსეთი კონსერვატორულ სენტიმენტებს ავითარებს. აქ ისიც უდავოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსული „რბილი ძალა" თავად იმყოფება გაურკვევლობაში, რადგან ჯერ კიდევ ეძებს საკუთარ იდენტობას. ამ პროცესში, ის ირჩევს საკუთარ მახასიათებლებს რუსული ისტორიის პრესაბჭოთა და საბჭოთა პერიოდებიდან. ამდენად, „რბილი ძალის" თავად რუსული იდეა კონსერვატორულ და პროგრესულ სენტიმენტებს შორის ჭიდილში იმყოფება. ეს „რბილი ძალის" თანამედროვე რუსულ პრაქტიკაშიც ჰპოვებს ასახვას. ამის მაგალითია თანამედროვე ანტიდასავლური ნაციონალიზმის გაღვივება უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, რაც ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის მიერ კარგად აპრობირებული მეთოდი იყო.

თანამედროვე ქართული ჰომოფობიური სენტიმენტები საქართველოში რუსეთის „რბილ ძალას" აძლიერებს. დღეს თანამედროვე საქართველოში მიმდინარეობს სრულიად მიზანმიმართული პრორუსული და ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც ერთ-ერთ უმთავრეს, თუ არა უმთავრეს, სენტიმენტად ჰომოფობიას იყენებს. ეს კამპანია ჩვეულებრივ შემდეგი ფორმით ვითარდება. პირველ რიგში, დგინდება მცდარი კავშირი განსხვავებული ორიენტაციის ქონასა და გარყვნილებას, აღვირახსნილობასა და პედოფილიას შორის. ცხადია, სინამდვილეში ჰომოსექსუალობას პედოფილიასთან (ან აღვირახსნილობასთან) საერთო იმდენივე აქვს, რამდენიც ჰეტეროსექსუალობას გერონტოფილიასთან (ან სევდიანობასთან). მეორე რიგში, იმავე ფორმულის მიხედვით, აუცილებლად ხდება ჰომოსექსუალობისა და აღვირახსნილობის დასავლეთთან დაკავშირება, რაც ისევე აბსურდულია, როგორც აღმოსავლეთის ზოოფილიასთან, ან სამხრეთის ნეკროფილიასთან დაკავშირება. სინამდვილეში, ჰომოსექსუალობა გლობალური ფენომენია, რომელიც ისტორიულად აღმოსავლეთის ქვეყნების კულტურული პრაქტიკის ნაწილი უფრო მეტად იყო, ვიდრე დასავლეთის. პედოფილია კი დანაშაულის ფორმაა, რომელიც დასავლეთში მკაცრი სასჯელით ისჯება.

მესამე – როდესაც მსხვერპლი საკმარისად შეშინდება, მას უზნეო დასავლეთის საპირწონედ მომენტალურად სთავაზობენ ზნეობით, ქრისტიანული რწმენითა და სიყვარულით აღსავსე ისტორიულ ჩრდილოელ ძმასა და მეგობარს – რუსეთს. სწორედ იმ რუსეთს, რომელიც სინამდვილეში საქართველოს დაშლისა და განადგურების საუკუნოვანი სიყვარულით გამოირჩევა, რომელსაც ხიბლავს პატარა მეზობელი ერების დამცირება და დასახიჩრება, სადაც ყოველწლიურად იხოცებიან ჟურნალისტები, ადამიანის უფლებები ფაქტობრივად მუდმივად დარღვეულია, დემოკრატია კი – დეფექტური. მაგრამ ეს ის რუსეთიცაა, სადაც ჰომოსექსუალები (ისე როგორც კრიმინალი პედოფილები) ისევე არიან, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში და ის რუსეთიც, რომელიც მსოფლიოში არასდროს გამოირჩეოდა სექსუალურად თავშეკავებული თუ განსაკუთრებულად ზნეობრივი ერის იმიჯით.

ეს რიტორიკა, უმეტესწილად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღიდან, ისე როგორც ე.წ. ქართული „ინტელიგენციის" მხრიდან მოედინება. მართლმადიდებელი ეკლესიის მოზრდილი ნაწილის რიტორიკა უაღრესად საინტერესოა და ცალკე წერილს იმსახურებს. თუმცა, აქ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ სიახლეს არც ეს წარმოადგენს. ისტორიულად, საქართველოს დამონების პროცესში, რუსეთი საკუთარი ინტერესების განსავრცობად ეფექტურად იყენებდა მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენას ხალხზე. ისტორიულად, ისე როგორც ახლა, ამის საბაბს სწორედ ე. წ. ერთმორწმუნეობა იძლეოდა.

ჯოზეფ ნაი მართებულად აღნიშნავს, რომ ინფორმაციულ ეპოქაში, რომლის ბინადარნიც ჩვენ ვართ, პოლიტიკის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, თუ ვისი ამბავი გაიმარჯვებს საბოლოოდ. ამდენად, ზოგადად პოლიტიკის – და, მით უმეტეს, „რბილი ძალის" – გამარჯვება პირდაპირ კავშირშია მიმღებ ჯგუფთან. მართალია, „რბილი ძალა" სამთავრობო პოლიტიკური პროდუქტია, მაგრამ მისი წარმატება თუ წარუმატებულობა უკვე მთავრობების კონტროლს მიღმაა. „რბილი ძალის" წარმატებულობას საბოლოოდ სამიზნე ჯგუფის სიფხიზლე, მისი აზროვნების სისუსტე და გემოვნება – გნებავთ, მისი ღირებულებათა სისტემა განაპირობებს.

საქართველოს სისუსტე სწორედ აქ არის. პირველ რიგში, ქართული მედიის არაეფექტურობის დამსახურებით, საქართველოს საზოგადოება უმეტესწილად მოკლებულია ხარისხიან და აკურატულ ინფორმაციას. მეორე რიგში, ქართულ საზოგადოებას აქვს ინტელექტუალური „ეროგენული ზონები", რომელთან შეხებაც მის ცენტრალურ ნერვულ სისტემას აღიზიანებს, მასში ემოციებს, ფსევდოპატრიოტულ ვნებებსა და „ტრადიციებისა" და „ერის" დაცვის სურვილს აღძრავს, რომელთა შესახებაც მას შეიძლება სინამდვილეში ძალიან ზოგადი, ან არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, დასავლეთის შესახებ გავრცელებული აბსურდული მითები პოპულარულ წარმოსახვაში ფეხს სწრაფად იკიდებს, რაც არა ეროვნულ, არამედ რუსული „რბილი ძალის" ინტერესს ემსახურება.

შესაძლოა რუსეთის მიერ კონსტრუირებულ ანტიდასავლურ ნაციონალიზმს წარმატებულად ემუშავა მესამე მსოფლიოს ქვენებში, მაგრამ ამ ქვეყნების კოლონიზატორები დასავლელები იყვნენ, საქართველოსი კი – თავად რუსეთი. საფრთხე, რომელიც რუსეთისაგან საქართველოს ელის, სინამდვილეში ხელშესახები და არსებითია, ხოლო წარმოსახვითი საფრთხე, რომელიც აბსურდული რუსული ფორმულის მიხედვით საქართველოს დასავლეთისგან ელის – მხოლოდ ვირტუალური და ჰიპოთეტური. ამასთანავე, საქართველოსა და რუსეთის „ძმობის" შესახებ კრემლისა და საქართველოს საპატრიარქოს მიერ განვრცობილ ტკბილ, თუმცა ისტორიულად მცდარ და სრულიად სამარცხვინო რიტორიკას მკვეთრად უპირისპირდება ისტორიული ფაქტები, რომლებიც სრულიად საპირისპიროს ამბობს. ამდენად, მცირეა იმის ალბათობა, რომ „ძმობისა" და პარტნიორობის რიტორიკა რუსეთს თანამედროვე საქართველოსათვის უფრო მიმზიდველს გახდის, ვიდრე ის უკვე არის.

მიუხედავად ამ ფაქტორებისა და რუსული „რბილი ძალის" სიმწირისა, მომავალში რუსეთი შეეცდება „რბილი პოლიტიკის" ინტენსიფიკაციას, ისე, როგორც ქართული მოქალაქეობრივი სენების საკუთარი „რბილი ძალის" განსავრცობად გამოყენებას. ამ სენთა შორის ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი კი ჰომოფობია გახლავთ, რომელიც არა მხოლოდ შლის საქართველოს პოლიტიკურ სხეულს, არამედ ქმნის დასავლეთის, როგორც მორალურად კორუმპირებული და ზნედაცემული სივრცის ხატს.

ცხადია, საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს მშვიდობა და დიალოგი, ისევე, როგორც რეგიონში ალტერნატიული ქართული „რბილი ძალის" განვითარება, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს ჩვენი კულტურული და პოლიტიკური რესურსების სიმწირიდან გამომდინარე, მხოლოდ კარიკატურული ფორმების მიღება შეეძლება. თუმცა, პრორუსული რიტორიკის საპირისპიროდ, რომელიც რუსეთის „რბილი ძალის" განვრცობას ემსახურება, ქართული საზოგადოების ინტერესებში სამოქალაქო სიფხიზლე და ჰომოფობიური რიტორიკისათვის უარის განცხადებაა. დაბოლოს, მშვიდობიანი დიალოგის პარალელურად, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რბილი რუსული რიტორიკის მიღმა, მახინჯი რუსული საშინაო პოლიტიკა და საკმაოდ რეალური ანტიქართული საფრთხე დგას.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შალვა შავგულიძე

კომენტარები