ეკონომიკური ზრდა

EBRD: საქართველოს ეკონომიკა წელს 2%-ით, 2014 წელს 4%-ით გაიზრდება

საქართველოს ეკონომიკა 2013 წლის ბოლომდე 2%-ით გაიზრდება. განახლებულ პროგნოზს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ახალ ეკონომიკურ ანგარიშში აქვეყნებს. 2013 მაისში EBRD-ი ვარაუდობდა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3% იქნებოდა. ახალი ანგარიშის მიხედვით, საქართველოს უშუალო მეზობლებიდან - აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და თურქეთი - 2013 წელს ეკონომიკური ზრდა, რუსეთის გარდა, ყველა ქვეყანაში უფრო მაღალი იქნება. 

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შემცირების მიზეზი სახელმწიფო და კერძო ინვესტირების დაბალი დონე და გაურკვეველი ეკონომიკური პოლიტიკაა, რაც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ პერიოდს უკავშირდება. ანგარიშის მიხედვით, ყველაზე დიდი რეცესია მშენებლობის და სამრეწველო სექტორებს შეეხო.

EBRD-ი მომავალი წლის ზრდის პროგნოზსაც ამცირებს და ვარაუდობს, რომ 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ის ნაცვლად, 4%-ით გაიზრდება. როგორც EBRD-ის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს ეკონომიკა ზრდის ამ ნიშნულს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუ "საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური გაურკვევლობა ჩაცხრება და რუსეთ-საქართველოს შორის კომერციული ურთიერთობა გაგრძელდება". 

კომენტარები