ზურაბ ჯაფარიძის ბრიფინგი

ჯაფარიძე: ახალი პრემიერი ძალაუფლების ყველა წერტილის გაკონტროლებას ცდილობს

ინტერპრესნიუსი

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ახალი პრემიერმინისტრი ცდილობს გააკონტროლოს ძალაუფლების ყველა წერტილი, მათ შორის - პროკურატურა. დეპუტატი დღევანდელ ბრიფინგზე თბილისის პროკურორის მაია მწარიაშვილის გადადგომას გამოეხმაურა.
ჯაფარიძის თქმით, მაღალი ალბათობით, თანამშრომლებს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის კადრებით ანაცვლებენ, რაც, მისი შეფასებით, არ არის კარგი.

ზურაბ ჯაფარიძემ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ გამოსვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტში უმცირესობამ ახალი პროგრამიდან პრემიერმინისტრს 5-6 კითხვა დაუსვა, რაზეც პასუხი ვერ მიიღო. დეპუტატის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის პასუხები შეეხებოდა უკანასკნელ 9 წელს და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს.

"სამწუხაროა, მე პირადად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანმა კი წაიკითხა პროგრამის ტექსტი, მაგრამ შინაარსი თვითონ მაინცდამაინც არ ესმის, ან შეიძლება ეკონომიკური ნაწილი არ ესმის, ან სხვა ნაწილი ესმის", - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ და განმარტა, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი უმცირესობამ ახალ მთავრობას. მისი თქმით, წარმოდგენილი იყო მთავრობის იგივე შემადგენლობა, რომელიც ქვეყანას ბოლო ერთი წლის განმავლობაში მართავდა. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, ამ მთავრობამ ეკონომიკურ პრობლემებს თავი ვერ გაართვა და შედეგად ქვეყანამ ეკონომიკური ზრდის ვარდნა და გარღვეული ბიუჯეტი მიიღო.  

უმცირესობის წევრის შეფასებით, ძალიან მაღალი ალბათობით, მომავალი წლის ბიუჯეტის შესრულებაში პრობლემები იქნება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურორი მაია მწარიაშვილი თანამდებობიდან გადადგა, მან მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს გადადგომის შესახებ განცხადებით 20 ნოემბერს მიმართა, განცხადება გადადგომის შესახებ 21 ნოემბრიდან დაკმაყოფილდა.

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, დღეს გახდება ცნობილი იმ პირთა ვინაობა, ვინც ახალი პროკურორის დანიშვნის შემდეგ დატოვებს თანამდებობებს. არსებული ინფორმაციით, თანამდებობებს დატოვებენ მთავარი პროკურორის ყველა მოადგილე და დეპარტამენტების ხელმძღვანელები.

გარდა ამისა, დღეს მთავარი პროკურორის პოსტზე ოთარ ფარცხალაძე დაინიშნება.

კომენტარები