რაგბი

რაგბი: საქართველო-სამოა 16-15

rugby.ge

ნოემბრის ტესტების ბოლო მატჩში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სამოას წინააღმდეგ გამართა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ტესტების  წინა შეხვედრებში ბორჯღალოსნებმა დინამო არენაზე კანადა 19:15 დაამარცხეს, ხოლო რუსთავში აშშ-ს წინააღმდეგ მატჩი ანგარიშით - 23:25 ბოლო წამებზე დათმეს.

საერთაშორისო რაგბის საბჭოს რეიტინგში მე-17 ადგილზე მყოფი ქართველი მორაგბეების მიერ, იმავე ცხრილში მერვეადგილოსანი სამოას დამარცხება სენსაციური შედეგია. 

შეხვედრის დაწყების წინ, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სტუმრებმა ტრადიციულად  სივა ტაუ - საბრძოლო ცეკვა შეასრულეს, რასაც 1991 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოყოლებული ყოველი მატჩის წინ აკეთებენ.

დებიუტი ქართველი მორაგბეების უპირატესობით წარიმართა და შეხვედრის მეხუთე წუთზე, მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა - 3:0. ხუთ წუთში სტუმრების იერიშს ალაპაატი ლეიუას ლელო მოყვა, თუმცა პისის გარდასახვა ზუსტი ვერ აღმოჩნდა - 3:5.

მე-19 წუთზე, კვირიკაშვილმა კვლავ ზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ანგარიში 6:5 გახდა.

შეხვედრაში მეორე ლელო 27-ე წუთზე დაიდო, როდესაც ჯეკ ლემმა მოლის შემდეგ რამდენიმე ქართველ მორაგბეს ცრუ მოძრაობით აუარა გვერდი და ბურთი ხაზს იქეთ დაამიწა. პისის მიერ შესრულებული გარდასახვა, ამჯერად ზუსტი აღმოჩნდა - 6:12. პირველი ტაიმის ბოლოს, კვირიკაშვილს ანგარიშში ჩამორჩენის შემცირება შეეძლო, მაგრამ მის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა, მიზანს აცდა.

შეხვედრის მეორე ნახევარი ბორჯღალოსნების ლელოთი დაიწყო. 42-ე წუთზე, გიორგი ბეგაძისა და ლევან ხმალაძის იერიშები მერაბ შარიქაძემ ლელოთი დააგვირგვინა. კვირიკაშვილის მიერ ზუსტად შესრულებული გარდასახვის შემდეგ, ანგარიში ქართველების სასარგებლოდ - 13:15 გახდა. ამის შემდეგ მცირე ხანში საქართველოს ნაკრების მე-15 ნომერს გატანა კიდევ შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული მიზანს აცდა.

ამის შემდეგ, შეხვედრის მთავარმა არბიტრებმა რამდენიმე საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილება მიიღეს. 70-ე წუთზე სამოელებმა საეჭვო სიტუაციაში საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს, შანსი გამოიყენეს და კვლავ წინ გავიდნენ - 13:15.

მატჩის ბოლოსკენ, ქართველი მორაგბეები გააქტიურდნენ და რამდენიმეჯერ ძალიან სახიფათოდ შეუტიეს სამოას ნაკრებს, თუმცა ერთ შემთხვევაში დამამთავრებელ ფაზაში ვერ ივარგეს, შემდგომში კი მეტოქის ჩათვლის მოედანში შეაღწიეს, მაგრამ მსაჯმა ლელოს დადება არ დააფიქსირა. სწორედ ამ ეპიზოდიდან გამომდინარე, ბორჯღალოსნებმა საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრები ანგარიშში დაწინაურდა - 16:15

სწორედ ამის შემდეგ - შეხვედრის ძირითად დროზე დამატებულ წუთებზე, მსაჯმა ქართველი მორაგბეების წინააღდეგ, რამდენიმე გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო. ყველაფრის მიუხედავად, საბოლოოდ ბორჯღალოსნებმა მატჩის დაძაბულ ბოლო მონაკვეთს გაუძლეს და სენსაციური შედეგიც დააფიქსირეს.

კომენტარები