აქციები უკრაინაში

კიევში ე.წ. ბულდოზერის ინციდენტში მონაწილეობისთვის 2 პირი დააკავეს

შტურმი უკრაინის პრეზიდენტის რეზიდენციაზე, 1.12.2013
Алексей Фурман / РИА Новости

კიევის პროკურორის მოადგილე სერგეი სოფიევმა რამდენიმე საათის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინელმა სამართალდამცავებმა დააკავეს 2 აქტივისტი, რომლებიც 1 დეკემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე ბულდოზერით განხორციელებულ შტურმში მონაწილეობდნენ.

სოფიევს არ დაუკონკრეტებია, დაკავებულები რა ფორმით იყვნენ ჩართული ინციდენტში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო იტარ ტასი ავრცელებს.

უკვე 1 კვირაზე მეტია უკრაინის მასშტაბით ევროინტეგრაციის, ასევე, მთავრობისა და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება. ყველაზე მასშტაბური აქცია 1 დეკემბერს პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა, რა დროსაც 20-მდე სამართალდამცავი და აქციის ასეულობით მონაწილე დაშავდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სწორედ ამ დღეს ბულდოზერით პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმი სცადეს, დაშავდა 1 პოლიციელი.

კიევის პროკურორის მოადგილის განცხადებით, სისხლის სამართლის გამოძიებაა დაწყებული უკრაინული ნაციონალისტური ორგანიზაცია Братство-ს ლიდერის, დმიტრი კორჩინსკის მიმართ. მასზე უკვე გამოცხადდა ძებნა. კორჩინსკის ბრალად მასობრივი არეულობების ორგანიზება ედება. არაოფიციალური ცნობით, მან უკვე დატოვა უკრაინის ტერიტორია. 

კომენტარები