თვითმმართველობის რეფორმა

არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას თვითმმართველობის რეფორმაზე მიმართავს

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართავენ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს.

"ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულმა თვითმმართველობის კოდექსის პროექტმა განსაკუთრებული მღელვარება გამოიწვია. სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი არ იყო განხილული ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. გარდა ამისა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არ განხორციელებულა ძირეული ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, რომელსაც ერთობლივად ვაფასებდით, როგორც ანტიდემოკრატიულს უახლოეს წარსულში.

სასურველი შედეგი ვერ გამოიღო ვერც ამ თემაზე შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობამ, რომელი ფორმატიც, როგორც დემოკრატიულ პრინციპებთან შეუსაბამო, იმთავითვე მიუღებელი იყო არასაპარლამენტო პარტიებისთვის. თუმცა, დღეს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების განხილვა ამ ფორმატშიც აღარ მიმდინარეობს.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან, კერძოდ, თვითმმართველობის კოდექსთან და საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით არსებობს უამრავი გადაუჭრელი პრობლემა, მათ შორის:

  • საარჩევნო სისტემა;
  • საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი;
  • ამომრჩეველთა სია;
  • საარჩევნო კამპანიის წარმოების წესები;
  • საარჩევნო დავების განხილვის წესი.


გაცნობებთ, რომ არასაპარლამენტო პარტიებს შემუშავებული გვაქვს ერთიანი წინადადებები როგორც თვითმმართველობის, ისე საარჩევნო კოდექსის შესახებ. აუცილებლად მიგვაჩნია, ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეიქმნას ინტერფრაქციული ჯგუფი, რათა ხელი შეეწყოს ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსის უზრუნველყოფას", - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების მიერ დღეს, 6 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

დოკუმენტს ხელს 10 ოპოზიციური პარტია აწერს:

  1. ახალი მემარჯვენეები
  2. დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო
  3. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
  4. თავისუფალი საქართველო
  5. ევროპელი დემოკრატები
  6. ლეიბორისტული პარტია
  7. ქალთა პარტია
  8. ქართული დასი
  9. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
  10. ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია

კომენტარები