სახელმწიფო შესყიდვები

1 მობილური ტელეფონის შესაძენად გამოცხადებული 2 050-ლარიანი ტენდერი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა 11 დეკემბერს ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა 1 მობილური ტელეფონის შესაძენად. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი საშუალოდ 2 050 ლარი იქნება.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად, ახალ სმარტფონს შიდა მეხსიერება უნდა ჰქონდეს არანაკლებ 32 GB.

2 ახალ iPhone 16GB-ს 2 988 ლარად ყიდულობს იუსტიციის სამინისტრო. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია. აღნიშნული კომპანია სატენდერო კომისიამ ხელშეკრულების გასაფორმებლად 9 დეკემბერს მიიწვია.

2 ახალი iPhone 5 32GB შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე ელექტრონული ტენდერის საშუალებით 3 დეკემბერს 3600 ლარად შეიძინა.

იმავე დღეს ახალი Samsung SIII 800 ლარად იყიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

11 დეკემბერს დასრულდა წინადადებების მიღება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში. სამინისტროს 5 ტელეფონის ყიდვა სურს. ერთადერთი შეთავაზება - 2 206 ლარი უკვე დააფიქსირა ერთ-ერთმა კომპანიამ. გამარჯვებულად გამოცხადების შემთხვევაში, ახალ ტელეფონებს სწორედ ის იყიდის.

სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემიდან მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 2012 წლის ოქტომბრის ბოლოდან 2013-ის ნოემბრის ჩათვლით, ახალი მობილურების შესაძენად ბიუჯეტიდან სულ 264 000 ლარი დახარჯა.

ქართველი ჩინოვნიკები თავიანთ არჩევანს ძირითადად Apple-ისა და Samsung-ის უახლეს სმარტფონებზე აკეთებენ. განსაკუთრებით პოპულარულია iPhone 5 და Samsung Galaxy S III, Note 2 და Note 3.

კომენტარები