საქართველოს მთავრობა

მთავრობამ პრემიერის წარდგინებით 9 რეგიონის რწმუნებული დაამტკიცა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას 9 რეგიონის ახალი რწმუნებული წარუდგინა, რომელიც მთავრობამ დღეს დაამტკიცა. 

ქვემო ქართლის რწმუნებულად დაინიშნა გიორგი მღებრიშვილი. ”იგი გახლავთ იურისტი, სამართალმცოდნე, მუშაობდა სამართალდამცავ სტრუქტურებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე და ყველგან სარგებლობდა ძალიან მაღალი რეპუტაციით”, - განაცხადა მღებრიშვილის შესახებ პრემიერმა.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულად, გუბერნატორად დაინიშნა პარმენ იგივე პაპუნა მარგველიძე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ”იგი გახლავთ ეკონომისტი, ბატონი პარმენი არის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი და კარგი მენეჯერი. წარმოშობით ამბროლაურიდან, კარგად იცის ამ კუთხის პრობლემები”.

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულად, გუბერნატორად დაინიშნა აკაკი მაჭუტაძე. ”საგარეო ეკონომიკური მიმართულების სპეციალისტი, აქვს სამართალდამცავ და საფინანსო ორგანოებში მუშაობის გამოცდილება, არის ძალიან პატრიოტი კაცი და ძალიან კარგი მენეჯერი”, - ასე დაახასიათა მაჭუტაძე პრემიერმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულად, გუბერნატორად დაინიშნა ლევან შონია. ”ჩემი მინისტრობის დროს იყო ძალიან გამორჩეული სამხარეო უფროსი, იგი არის პროფესიით სამართალმცოდნე, კვალიფიკაცია გავლილი აქვს აშშ-ში, ბატონი ლევანი მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, გახლავთ ვახტანგ გორგასლის ორდენის ორგზის კავალერი და ღირსების ორდენის კავალერი, ძალიან მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს ლევანი სამეგრელოში და კარგად იცის ამ კუთხის პრობლემები და ღირსეული მამულიშვილია”, - ასე დაახასიათა შონია ღარიბაშვილმა წარდგენისას.

იმერეთის რწმუნებულად, გუბერნატორად დაინიშნა ზაზა მეფარიშვილი. ღარიბაშვილის თქმით, ის ”ძალიან კარგი ორგანიზატორი და მართლაც პროფესიონალია”. პრემიერის თქმით, ის პროფესიით ინჟინერ-ტექნოლოგია, ასევე აქვს იურისტის და ბუღალტერ-ფინანსისტის კვალიფიკაცია, აქვს საფინანსო საქმიანობის გამოცდილება, ასევე სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის გამოცდილება

კახეთის რწმუნებულად, გუბერნატორად დაინიშნა ირაკლი შიოლაშვილი. პრემიერმინისტრის თქმით, ”მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, კარგად იცის კახეთის რეგიონი, წარმოშობით კახეთიდან არის და მე ვიტყოდი, რომ მართლაც გამორჩეული გამგებელი იყო ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ის არის მოდელი, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე გამგებელი თუ გუბერნატორი”.

მცხეთა-თიანეთის რწმუნებულად, გუბერნატორად დაინიშნა ნუგზარ ყიფიანი. ”პროფესიით გახლავთ რეჟისორი და ძალიან ნიჭიერი კაცი, ბატონი ნუგზარი გახლავთ წესიერებით გამორჩეული ადამიანი, სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული იქნება თავის საქმიანობაში”, - თქვა წარდგენისას ირაკლი ღარიბაშვილმა.

შიდა ქართლის რწმუნებულად დაინიშნა ზურაბ რუსიშვილი. ”პროფესიით გახლავთ საგარეო ეკონომიკური ურთიერთობებისა და მართვის სპეციალისტი, ფინანსისტი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის, მას აქვს გამოცდილება საფინანსო ორგანიზაციებში მუშაობის და მან თავი გამოიჩინა, როგორც სპეციალისტმა მაღალი კვალიფიკაციის და კარგმა მენეჯერმა. ასე რომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ზურა იქნება ძალიან ეფექტური გუბერნატორი”, - აცხადებს ღარიბაშვილი.

გურიის რწმუნებულად, გუბერნატორად დაინიშნა გიორგი ჩხაიძე, პრემიერის თქმით, ის პროფესიით ეკონომისტია, ”ძალიან წარმატებული თავის საქმიანობაში, აქვს ძალიან კარგი მენეჯერული საქმიანობის გამოცდილება და გურულებს ძალიან ღირსეული გუბერნატორი ეყოლებათ”.

სულ ბოლოს ღარიბაშვილმა კანცელარიის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ახალი უფროსად, აკაკი ჩხენკელი წარადგინა. ”პროფესიით გახლავთ ეკონომისტი, კვალიფიკაცია გავლილი აქვს ამერიკაში, პენტაგონში, დაგეგმის, პროგრამირებისა და ბიუჯეტის შემსწავლელ ცენტრში, ასევე გერმანიაში, ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპულ ცენტრში, აქვს სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება, ბოლო ერთი წელი ერთად ვიმუშავეთ და მე ძალიან მადლიერი ვარ მისი. არის მაღალი დონის სპეციალისტი და დარწმუნებული ვარ, რომ აკაკი ღირსეულად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას”, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები