ჯოზეფ ქეის და გიორგი ვაშაძის სასამართლო დავა

გიორგი ვაშაძეს ჯოზეფ ქეის სასარგებლოდ 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საპარლამენტო უმცირესობის წევრს ბიზნესმენ ჯოზეფ ქეის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო, 50 000 ლარი დააკისრა. სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებითვე, დეპუტატმა გავრცელებული ცნობები საჯაროდ უნდა უარყოს.

ჯოზეფ ქეის ადვოკატის ირაკლი ყანდაშვილის თქმით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

"ამის საფუძველზე, გიორგი ვაშაძეს დაეკისრა მის მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური ცნობების და განცხადებების უარყოფა მედიის საშუალებით. ასევე, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებისთვის 50 000 ლარი. ჩვენი მხარე იმედოვნებს, რომ მსგავსი სასამართლო გადაწყვეტილება იქნება კარგი გაკვეთილი იმ ადამიანებისთვის, ვინც უპასუხისმგებლო და ცილისმწამებლურ განცხადებებს გააკეთებს", - ამბობს ჯოზეფ ქეის ადვოკატი.

გიორგი ვაშაძის ადვოკატის ქეთევან ზანდუკელის განმარტებით კი, 13 დეკემბერს ჩანიშნული იყო მოსამზადებელი სხდომა გიორგი ვაშაძის და ჯოზეფ ქეის საქმესთან დაკავშირებით. მისი თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სხდომაზე დაგვიანებით გამოცხადდა.

"ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მოსამზადებელ სხდომაზე სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. ვინაიდან განაჩენი გამოტანილია მოსამზადებელ სხდომაზე, ჩვენ უნდა დავადასტუროთ იმ საპატიო მიზეზის არსებობა, რაც გახდა პროცესზე გამოუცხადებლობის ან დაგვიანების მიზეზი. თუ ამ მიზეზს მიიღებს საპატიოდ სასამართლო, ამის შემდეგ, საქმე შევა არსებით განხილვაში და განვიხილავთ არსებითად. წარდგენილი გვაქვს ყველა მტკიცებულება ჩვენი პოზიციის დასაცავად, რომ ბატონმა გიორგი ვაშაძემ გამოხატა საკუთარი მოსაზრება და ადგილი არ ჰქონია ცილისწამებას. იმედი გვაქვს, რომ არსებითი განხილვის შემდეგ, სასამართლო მივა ჭეშმარიტ გადაწყვეტილებამდე და არ დააკმაყოფილებს სარჩელს", - აღნიშნა ადვოკატმა.

გიორგი ვაშაძემ 2013 წლის 24 თებერვალს განაცხადა, რომ ჯოზეფ ქეი საერთაშორისო თაღლითია.

"თუ თაღლითების ჩვენებით უნდათ პასუხისგებაში მისცენ ხალხი, კი ბატონო. ყველამ კარგად იცის, ვინ არის ჯოზეფ ქეი, ეს არის საერთაშორისო ცნობილი თაღლითი", - თქვა ვაშაძემ გიგი უგულავას საქმეზე ჯოზეფ ქეის ჩვენების კომენტირებისას.

კომენტარები