ვანო მერაბიშვილი

მთავარი პროკურატურა: მერაბიშვილის აბსურდულ ბრალდებაზე გამოძიებას არ დავიწყებთ

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში ტაბულას განუცხადეს, რომ უწყება არ აპირებს დაიწყოს გამოძიება ნაციონალური მოძრაობის პატიმრობაში მყოფი გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა.

"ეს ბრალდება საერთოდ აბსურდულია, ამას სერიოზულად არც განიხილავს პროკურატურა", - განუცხადა ტაბულას მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თემო დოლიძემ.

ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ქუთაისში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, პარასკევს, გვიან ღამით, 2-ის ნახევარზე, ის გაიყვანეს ციხიდან, ჩასვეს მანქანაში, თავზე გადააფარეს თავისივე მოსაცმელი და წაიყვანეს, მერაბიშვილის ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში.

მერაბიშვილმა თქვა, რომ მას პირადად მთავარმა პროკურორმა ფარცხალაძემ წაუყენა ულტიმატუმი, რომ თუ არ დაეხმარება პროკურატურას ჟვანიას საქმის გამოძიებაში და თუ არ მიაწოდებს უწყებას მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებს, მაშინ "ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება".

საქართველოს სახალხო დამცველის თქმით, მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიება უახლეს საათებში უნდა დაიწყოს.

მერაბიშვილის ბრალდების გამოძიების აუცილებლობაზე დღესვე განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

"მე ეს მიმაჩნია გამორიცხულად. თუმცა, რაკი ეს განცხადება გაკეთდა, რა თქმა უნდა, ამას სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ და არა ისე, როგორც წინა ხელისუფლება აკეთებდა - ისინი პირდაპირ ამბობდნენ, ყოველგვარი სერიოზული მიდგომის გარეშე, რომ ყველა დანარჩენი იტყუებოდა მათ გარდა. მგონია, რომ ეს არის გამორიცხული, თუმცა, რაკი სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ასეთი განცხადება გააკეთა, შესაბამისმა უწყებებმა შესაბამისი კომენტარები უნდა გააკეთონ, სერიოზულად უნდა მოეკიდონ ამ განცხადებას და გასცენ სერიოზული და დასაბუთებული პასუხი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამ საქმეზე გამოძიების დაწყების მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, რომელმაც განაცხადა:

"პროკურორები ამ ქვეყანაზე იმიტომ არიან, რომ საქმეები გამოიძიონ და პატიმრებთან ჰქონდეთ ურთიერთობა და არა იმიტომ, რომ უფრო სასიამოვნო გარემოში სხვა თემებზე ისაუბრონ. მე ვერაფერს გეტყვით, თუ ვინ შეხვდა ბატონ ვანო მერაბიშვილს, როდის შეხვდა მას ან სად, რომელ დაწესებულებაში იმყოფებოდა ბატონი მთავარი პროკურორი. ეს მე არ ვიცი და არც შეიძლება ვიცოდე. ერთადერთი, რაც შეიძლება გითხრათ, არის ის, რომ ყველა პატიმარს, წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირს აქვს უფლებები, ეს უფლებები არის დასაცავი ყველას მხრიდან. ამასობაში, გამოძიებას აქვს თავისი ვალდებულება და უფლებები გამოძიებისა და საპროცესო მოქმედებების წარმოების და ამის იქით, თუ ვინმეს უფლება დაირღვა, არსებობს წესი და რიგი, რომ ამას მიხედოს", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

ვინ უნდა გამოიძიოს შემთხვევა, როცა უკანონობის ჩადენაში მთვარ პროკურორს ადანაშაულებენ? - ტაბულამ ამ კითხვით უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, სრულ პროფესორ დავით სულაქველიძეს მიმართა. მისი თქმით, გამოძიება მთავარმა პროკურატურამ უნდა დაიწყოს, ოღონდ, მთავარი პროკურორის გარეშე.

"თუ ეს ბრალდება სერიოზულად იქნება მიღებული, მთავარი პროკურორი თანამდებობიდან დროებით უნდა გადადგეს და დაიწყოს ამ ფაქტზე გამოძიება, ხოლო, გამოძიების დასრულების შემდეგ მთავარი პროკურორი ან დაბრუნდება თანამდებობაზე, ან აგებს პასუხს, თუკი დამტკიცდება, რომ კანონი დაარღვია. ასე წერია კანონში. მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად კი მისი მოადგილე უნდა დაინიშნოს", - განუცხადა ტაბულას იურისტმა დავით სულაქველიძემ.

კომენტარები