ვანო მერაბიშვილის საქმე

მარგველაშვილი: ყველაფერი უნდა განხორციელდეს, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით პასუხი ნათელია. ყველაფერი უნდა განხორციელდეს, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი.

„მოქალაქე მერაბიშვილს, ამჯერად ეჭვმიტანილ მერაბიშვილს გააჩნია თავისი უფლებები, როგორც ითვალისწინებს კანონი და ეს უფლებები უნდა იყოს დაცული. შესაბამისად, ეს არის კითხვები არა პოლიტიკოსებთან, არამედ იურისტებთან, რომლებმაც ზუსტად უნდა თქვან, ამ შემთხვევაში რას ითვალისწინებს კანონი. კარგი იქნება, თუ იურიდიული საზოგადოება თავის პოზიციას დააფიქსირებს - ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით რას ამბობს ზუსტად კანონი, რისი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა გვაქვს", - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც ჩნდება პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით, იქნება ეს მერაბიშვილის თუ უგულავას საქმე, პასუხი არის ყოველთვის მარტივი და ნათელი, რომ ყველა ადამიანს გააჩნია თავისუფლებები და ასევე ვალდებულებები.

მარგველაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ”პროკურატურა დააკმაყოფილებს ყველაზე მაღალ დასავლურ სტანდარტს, იმიტომ, რომ საგანგებო ყურადღება იქნება მიქცეული იმ შემთხვევებზე, სადაც ზოგიერთები ვარაუდობენ, რომ, სავარაუდოდ, შესაძლოა, იყოს პოლიტიკური დევნა”.

კომენტარები