ამნისტიის კანონი რუსეთში

რუსეთში მიღებული ამნისტიის კანონით, Pussy Riot-ის წევრები გათავისუფლდებიან

ნადეჟდა ტოლკონიკოვა
Natalia Kolesnikova/AFP/Getty / http://www.thedailybeast.com/

რუსეთში ამნისტიის შესახებ კანონი ძალაში შევიდა. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონის მიხედვით, საპატიმროს საპროტესტო პანკჯგუფის Pussy Riot-ის წევრები და Greenpeace-ის აქტივისტები დატოვებენ. ამნისტიის შედეგად, სულ დაახლოებით 25 000 პატიმარი გათავისუფლდება. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამნისტიის კანონპროექტი სახელმწიფო დუმას რუსეთის კონსტიტუციის მიღებიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით წარუდგინა.

იურისტები აცხადებენ, რომ Pussy Riot-ის წევრებმა ციხეები მალევე უნდა დატოვონ. საპროტესტო პანკჯგუფის წევრებს 2-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი მოსკოვის საკათედრო ტაძარში შესრულებული პანკსიმღერის - ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი! - გამო.

Pussy Riot-ის ერთ-ერთი წევრის ნადეჟდა ტოლოკონიკოვას დასახვედრად კრასნოიარსკის კოლონიაში უკვე გაემგზავრნენ პატიმრის მეუღლე და მამა. ისინი იმედოვნებენ, რომ ტოლოკონიკოვა ციხეს უახლოეს დღეებში დატოვებს. ნადეჟდა ტოლოკონიკოვას მამის განცხადებით, ამნისტიის გამოცხადება კრემლის პიარაქციაა, რომელიც 2 თვეში სოჭის ზამთრის ოლიმპიადის დაწყებას უკავშირდება.

რუსეთმა დასავლეთის ქვეყნებისგან მრავალჯერ დაიმსახურა კრიტიკა საპროტესტო ჯგუფის წევრების მიმართ ზედმეტად მკაცრი სასჯელის გამოტანის გამო.

კომენტარები