ვანო მერაბიშვილის საქმე

დიმიტროვი: სიმართლის მალე გარკვევა საქართველოსთვის უკეთესი იქნება

eeas.europa.eu

ევროკავშირის ელჩის საქართველოში ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ბრალდებასთან დაკავშირებით, რაც უფრო მალე გაირკვევა სიმართლე, მით უკეთესი იქნება საქართველოსთვის. ამის შესახებ დიმიტროვმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ თქვა.

"ერთადერთი რამ, რისი დამატებაც შემიძლია, არის ის, რომ ქართველი მაღალჩინოსნები ხშირად ციტირებენ ბატონი ჰამარბერგის სიტყვებს. მის გამოსვლებში ორი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია გაჟღერებული - პირველი არის ის, რომ საქართველო მაქსიმალურად უნდა შეეცადოს თავიდან აიცილოს შერჩევითი სამართალის იდეა და კანონის უზენაესობაც კი. ხოლო მეორე ის არის, რომ ასეთი შედეგი მხოლოდ გამჭვირვალობის მაღალი დონით მიიღწევა. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვემხრობით ფართო გამჭვირვალობის იდეას. აქედან გამომდინარე, მერაბიშვილის განცხადებაზე რაც უფრო მალე გახდება სურათი ნათელი, მით უკეთესი იქნება ეს საქართველოსთვის", - თქვა დიმიტროვმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, 13 დეკემბერს, გვიან ღამით, 2-ის ნახევარზე, ის გაიყვანეს ციხიდან, ჩასვეს მანქანაში, თავზე გადააფარეს თავისივე მოსაცმელი და წაიყვანეს, მერაბიშვილის ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. მან ინფორმაციის გადამოწმების გზად ვიდეოჩანაწერების ამოღება დაასახელა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, კადრების გადაცემას, ასევე, გამოძიების პროცესში, სასჯელაღსრულების მინისტრისთვის და მთავარი პროკურორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.

კომენტარები