პრემიები

1 707 631 ლარი პრემია თბილისის საკრებულოს დეპუტატებისა და თანამშრომლებისთვის

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 2013 წლის 10 თვეში თბილისის საკრებულოში 1 707 631 ლარის ოდენობის პრემია გაიცა, საიდანაც ყველაზე მეტი - 19 095-19 095 ლარი მიიღეს დეპუტატებმა ჯაბა სამუშიამ და გიორგი ტყემალაძემ, ხოლო 18 664 - საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა.

პრემიის სახით გაცემული საერთო თანხიდან საკრებულოს წევრებზე გაცემულია 439 276 ლარი, ხოლო აპარატის თანამშრომლებზე 1 268 355 ლარი.

IDFI-ის ცნობით, 10 თვეში პრემიის სახით 18 000 ლარამდე მიიღეს მამუკა ახვლედიანმა და გიორგი მუსხელიშვილმა. 17 020-17 020 ლარი მიღებული აქვს საკრებულოს 6 დეპუტატს, მათ შორის - ზაზა გაბუნიას, გულიკო ზუმბაძეს და სხვებს.

დანარჩენი დეპუტატების მიერ მიღებული პრემიის ოდენობა თითოეულისთვის მერყეობს 6 760 ლარიდან 16 832 ლარამდე.

ქალაქ თბილისის საკრებულოს 2013 წლის 28 იანვრის N1-7 გადაწყვეტილებით, საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრა შემდეგი ოდენობით: საკრებულოს თავმჯდომარე – 3540 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 2950 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 2850 ლარი, საკრებულოს მუდმივი კომისიის თავმჯდომარე – 2 600 ლარი, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – 2 600 ლარი.

რაც შეეხება საკრებულოს სხვა წევრების შრომის ანაზღაურებას, ის განსხვავებული წესით რეგულირდება. მათი ანაზღაურება დამოკიდებულია მათ მიერ შესრულებულ ცალკეულ დავალებებზე და თითოეული წევრის ანაზღაურების ზღვრული მოცულობა თვეში შეადგენს 1 700 ლარს. აღნიშნული თანხა შესრულებული სამუშაოების მიხედვით შესაძლებელია მიიღოს საკრებულოს წევრმა შემდეგი დაყოფით: ფრაქციაში გაწეული სამუშაოსთვის - არა უმეტეს 300 ლარი, კომისიაში გაწეული სამუშაოსთვის – არა უმეტეს 700 ლარი, საკრებულოს სხდომებზე დასწრებისათვის, განხილვებში მონაწილეობისა და სხვა ცალკეული დავალებებისათვის - არა უმეტეს 700 ლარი.

კომენტარები