გიგი უგულავას საქმე

უგულავა: პროკურატურისგან ყველანაირ სისულელეს ველოდები

დედაქალაქის მერის გიგი უგულავას განცხადებით, მისთვის ღიმილისმომგვრელია, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე პროკურატურა რუსთავის სასამართლოს მიმართავს. უგულავას თქმით, თეორიულად, დანაშაული თბილისში ჩაიდინა, საქმის ყველა მონაწილე ცხოვრობს და მუშაობს თბილისში და მისთვის გასაკვირია, რატომ შედის საქმე რუსთავის სასამართლოში.

ამასთან, დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ "ყველანაირი სისულელისთვის" მზად არის და პროკურატურისგან "ყველანაირ სისულელეს" ელოდება.

"ეს აბსურდი ახლა არ დაწყებულა. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე დაგროვდა ძალიან ბევრი სამართალდამცველის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც არ არის გამოძიებული. ამის ლოგიკური გაგრძელებაა ცინიკური პასუხი მერაბიშვილის განცხადებაზე - იმ დაშინებაზე და კანონის დარღვევაზე, რასაც უკვე მაღალი ალბათობით, ადგილი ჰქონდა. ეს ისტერიული რეაქცია მთავრობის მხრიდან, მოწმობს იმას, რომ ისინი არ აპირებენ იმ უკანონობის გამოძიებას, რაც ჩაიდინა მთავარმა პროკურორმა. აქედან გამომდინარე, რას უნდა ელოდე პროკურატურისგან? უნდა ელოდე იმას, რომ პოლიტიკური დევნის იარაღი წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით გააქტიურდება. ყველანაირ სისულელეს ველოდები და ყველანაირი სისულელისთვის ვარ მზად", - განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისის მერის თქმითვე, ის სამეგრელოშიც მუშაობდა გუბერნატორად და არ გამორიცხავს, მის წინააღმდეგ საქმე იქაც აღიძრას. 

"აბასთუმანში ბავშვობაში ვისვენებდი და მზად ვარ, წავიდე ადიგენის სასამართლოში, თუკი აღძრავენ საქმეს. თელავი ძალიან მიყვარს და მზად ვარ, თელავშიც ვიარო. კიდევ ბევრი ადგილებია, სადაც სიამოვნებით წავიდოდი და თუ ამის საშუალებას მომცემს პროკურატურა, ვივლი სასამართლოებში და შემდეგ შევხვდები ხალხს", - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერს გუშინ ახალი ბრალდება წაუყენეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, თბილისის განვითარების ფონდისთვის, დედაქალაქის რეაბილიტაცია-განვითარებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ედავება.

საუბარია 48 მლნ ლარის გაფლანგვაზე, რომელიც პროკურატურის განცხადებით, არა თბილისის განვითარებას, არამედ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მოხმარდა.

 

კომენტარები