გიგი უგულავას საქმე

ბესელია: ლოგიკურად ვმსჯელობ და მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით,  თბილისის მერის გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე პოლიტიკურ გუნდსა და პროკურატურას შორის არავითარი შეთანხმება არ მომხდარა. ბესელიამ სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში, ოპოზიციონერ კოლეგას გოკა გაბაშვილს უპასუხა.

"ამ დროისთვისაც არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურატურა. მე მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვი და იმავე დროს გავაკეთე კომენტარი, რომელიც არასწორად გაშუქდა. მე ვთქვი, რომ ჩვენ არ ვერევით არც პროკურატურის, არც სასამართლოს გადაწყვეტილებაში და ეს მათი საქმეა, თუმცა შემიძლია, გამოვთქვა ვარაუდი. გიგი უგულავას საკმაოდ მძიმე ბრალდება აქვს წაყენებული და საქმე ეხება 40 მილიონი ლარის გაფლანგვას, შესაბამისად, ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე ვივარაუდე, რომ მთავარ პროკურატურას სასამართლოში შესაძლოა, თბილისის მერისთვის საპატიმრო ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიემართა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აღნიშნულ საკითხზე მმართველ გუნდსა და მთავარ პროკურატურას შორის არავითარი კონსულტაციები არ ყოფილა და არც უნდა გაიმართოს, მაგრამ სხვა საკითხია შეფასება და შემიძლია ვთქვა, რომ აქ არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის. ეს არის კონკრეტული კორუფციული, საკმაო მძიმე ბრალდება. ამ ბრალდებიდან გამომდინარე, როცა 40 მილიონი ლარის გაფლანგვაზეა საუბარი, ლოგიკურად ვმსჯელობ და ვამბობ, რომ შესაძლოა, პროკურატურამ უგულავას მიმართ მოითხოვოს საპატიმრო ღონისძიების გამოყენება, თუმცა შეიძლება არც მოითხოვოს. ჩვენ ამაში არ ვერევით და არ ჩავერევით. ესაა პროკურატურის დისკრეცია. ასე რომ, ოპონენტების ემოციური და მე ვიტყოდი ინტერპრეტირებული განცხადებები, რომ ეს წინასწარი პოლიტიკური გეგმის ნაწილია, არის აბსოლუტური სიცრუე და არასერიოზულობა. მათ უნდა მოისმინონ ის კომენტარი, რომელიც მე გავაკეთე, როცა ვთქვი, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებაში არ ვერევით და დამოუკიდებლად მიიღებს მას პროკურატურა და სასამართლო”, - თქვა ეკა ბესელიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, თბილისის მერის გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, პროკურატურამ და მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა მოილაპარაკეს. დეპუტატ გიორგი გაბაშვილის თქმით, ვიდრე პროკურატურას მოქმედება დაუწყია, პოლიტიკურმა გუნდმა უკვე იცის, როგორ მოიქცევა პროკურატურა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ტვ 3-ის ეთერში, გადაცემა დიდ პოლიტიკაში განაცხადა, რომ პროკურატურა თბილისის მერ გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. თავად პროკურატურის განცხადებით კი, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ რა ტიპის აღკვეთის ღონისძებას მოითხოვენ.

კომენტარები