საზოგადოებრივი მაუწყებელი

სასამართლომ გიორგი ბარათაშვილი მაუწყებლის დირექტორის პოსტზე მეორედ აღადგინა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბარათაშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მეორედ აღადგინა.
საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ხატია არდაზიშვილის გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს გამოაცხადა.

სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ, მხარეებს 14-დღიან ვადაში ჩაბარდებათ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის შემდეგაც გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა. გიორგი ბარათაშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა სწორედ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ მიეცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბარათაშვილმა სასამართლოს მიმართა - გაეუქმებინა 2013 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მას უნდობლობა გამოუცხადა და დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა. ბარათაშვილი ასევე ითხოვდა 6 სექტემბრის შემდგომი პერიოდის სახელფასო ანაზღაურებას.

ცნობისთვის, ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც სასამართლომ გიორგი ბარათაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღადგინა.

პირველად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან მიმდინარე წლის მარტში -  არხზე შექმნილი დაძაბული და არაჯანსაღი კლიმატის ვერაღკვეთისთვის - გაათავისუფლა. ბარათაშვილმა სარჩელი სასამართლოში შეიტანა, რომლის გადაწყვეტილებითაც, საბჭოს გადაწყვეტილება გაბათილდა. 

მეორედ კი, სამეთვალყურეო საბჭომ გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან სექტემბერში გადააყენა.

კომენტარები