ბავშვთა უფლებები

ბავშვები კონტროლს მიღმა საეკლესიო თავშესაფრებში

საპატრიარქო

საქართველოში არც ხელისუფლებასა და არც არასამთავრობოებს არა აქვთ ინფორმაცია იმ ასეულობით ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რომლებიც მართლმადიდებლურ ეკლესია-მონასტრებთან არსებულ ბავშვთა სახლებში ცხოვრობენ. ასევე უცნობია იმ ბავშვების ზუსტი რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფო კონტროლს მიღმა არიან დარჩენილი.

ამ პრობლემის შესახებ ყურადღება გამახვილებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის (DRI) კვლევაში, რომელსაც უყურადღებოდ მიტოვებული ჰქვია. კვლევა საქართველოში 2010-2013 წლებში ჩატარდა და ის საქართველოში სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არსებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მდგომარეობას აღწერს.

კვლევის 3-წლიანი პერიოდის განმავლობაში DRI-ის სპეციალისტებმა ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად მოინახულეს ბავშვთა და მოზრდილთა ყველა სახელმწიფო დაწესებულება და შეისწავლეს იქ მყოფ შშმ ბავშვთა და მოზარდთა მდგომარეობა. თუმცა, ამ კვლევაში არაფერია ნათქვამი იმ ბავშვთა მდგომარეობაზე, რომელიც ეკლესია-მონასტრებთან არსებულ ბავშვთა სახლებში ცხოვრობენ. მიზეზი ერთია-ეს ბავშვთა სახლები გარესამყაროსთვის, მათ შორის სახელმწიფო კონტროლისთვის მიუწვდომელია.

2009 წლიდან საქართველოში ხორციელდება დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამა, რაც გულისხმობს დიდი ზომის ბავშვთა სახლებისა და თავშესაფრების დახურვას, ხოლო მათი ბინადრების გადაყვანას მცირე ზომის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებსა და მინდობით აღზრდაში. სახელმწიფო და UNICEF მიიჩნევენ, რომ მიუსაფარი ბავშვებისადმი მსგავსი მიდგომა გაცილებით ცივილურია და ეს დადებით გავლენას ახდენს მათ განვითარებასა საზოგადოებაში ინტეგრაციაზე.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის (DRI) კვლევის მიხედვით, UNICEF და USAID ამბობენ, რომ საქართველოს სახელმწიფო თავშესაფრებში ბინადართა რაოდენობა 2005 წლის შემდეგ შემცირდა 90%-ზე მეტითდა სახელმწიფო დაწესებულებებში რჩება 150 ბავშვზე ნაკლები.

თუმცა, ეს რაოდენობა არ მოიცავს ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ ეკლესიის დაწესებულებებში. მათ შორის ასევე არ არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, რომლებიც კვლავაც სახელმწიფო დაწესებულებებში ცხოვრობენ.

"2013 წლის სექტემბერში ჩაწერილი ინტერვიუს დროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა უარი თქვა DRI-სთვის მიეწოდებინა მონაცემები ბავშვების რაოდენობის შესახებ, რომლებიც იმყოფება მათი მზრუნველობის ქვეშ. მან განაცხადა, რომ სამონასტრო სახლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით „მხოლოდ რამდენიმე ბავშვი" ცხოვრობს.

საქართველოს მთავრობის სოციალური დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა და UNICEF-მა DRI-ს განუცხადეს, რომ მათ არ იციან რამდენი ბავშვი ცხოვრობს საქართველოს საეკლესიო დაწესებულებებში და რომ ისინი მთლიანად არარეგულირებადი არიან", - წერია DRI-ის ანგარიშში.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენელზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სამონასტრო ბავშვთა სახლებში შესაძლოა 1500-მდე ბავშვი ცხოვრობდეს, თუმცა, რეალური რაოდენობა შეიძლება მეტი იყოს.

DRI მიიჩნევს, რომ საეკლესიო დაწესებულებებში ბავშვთა რაოდენობის, ან ადგილმდებარეობის შესახებ მთავრობაში ინფორმაციის ნაკლებობა ქმნის იმის საფრთხეს, რომ ბავშვები შეიძლება გახდნენ ძალადობის ან ტრეფიკინგის მსხვერპლნი და ეს არ იცოდეს მთავრობამ.

კვლევაში მოცემულია სოციალური დაცვის დეპარტამენტის დირექტორის გია კაკაჩიას კომენტარი, რომელიც ამბობს: ეკლესიას სჭირდება ნებართვა, რომ აწარმოოს 24 საათიანი მზრუნველობა და მათ არა აქვთ ასეთი ნებართვა. ამგვარად გვრჩება ერთადერთი საშუალება: მივმართოთ სასამართლოს. მაგრამ ძალიან ძნელია ეკლესიას უჩივლო სასამართლოში.

კაკაჩიამ DRI-ს განუცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხანდახან პოულობს მოწყვლად ოჯახებს და არწმუნებს მათ გადასცენ ბავშვები ეკლესიას. მისივე თქმით, უცნობია რამდენი შშმ ბავშვია კერძო ან საეკლესიო დაწესებულებებში.

DRI-ის თქმით, იმ დროს, როდესაც სახელმწიფო დაწესებულებები შშმ ბავშვებისათვის იხურება, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია აშენებს ახალ დაწესებულებებს, რომლებიც ნაწილობრივ ფინანსდება მთავრობის მიერ და არც რეგულირდება და არც კონტროლდება. 2013 წლის სექტემბრის მონაცემებით ეს ბავშვები კვლავ რეფორმის მიღმა რჩებიან.

"კონტროლის და მონიტორინგის ნაკლებობა საეკლესიო დაწესებულებებში, წარმოშობს იმის რისკს, რომ ბავშვები ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდნენ. საქართველოს მთავრობის სოციალური დაცვის პროგრამების დეპარტამენტის დირექტორმა მოახსენა DRI-ს, რომ კანონის მიხედვით ბავშვთა გადაყვანა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებიდან ეკლესიის დაქვემდებარებულ დაწესებულებაში უნდა რეგულირდებოდეს სახელმწიფოს მიერ, რაც რეალურად არ ხდება. ქართველი ბავშვების უფლებათა დამცველი აქტივისტის მიხედვით, ეს გადაყვანები სრულიად უკონტროლოდ ხორციელდება ყოველგვარი საბუთების გაფორმების გარეშე" - წერია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლვეაში.

თუმცა, DRI განმარტავს, რომ ის არ აღწერს ადამიანის ტრეფიკინგის შემთხვევებს და არ ფიქრობს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ტრეფიკინგს ეწევა არარეგულირებული თავშესაფრების ამოქმედებით. ორგანიზაციის მოსაზრებით, ადამიანის ტრეფიკინგის რისკი იქმნება ყველგან, სადაც არ არის კონტროლი და არ ხდება ბავშვთა ადგილსამყოფელის მონიტორინგი ან დადგენა ოჯახის წევრების ან სახელმწიფო ოფიციალური პირების მიერ. განსაკუთრებით მოსალოდნელია კრიმინალური აქტივობა დახურულ გარემოში, სადაც არ ხდება დამოუკიდებელი ადამიანის უფლებების მონიტორინგი.

კომენტარები