ვანო მერაბიშვილის საქმე

ომბუდსმენის აპარატი: იმედია, პროკურატურა მერაბიშვილის განცხადებას გამოიძიებს

საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ პროკურატურა ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, გამოძიებას დაიწყებს.

"შესაბამისად, მოხდება სასჯელაღსრულების სამინისტროდან ვიდეოჩანაწერის ამოღება და ავთენტურობის დადგენაც. ამ საკითხთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის შემდგომი ნაბიჯების შესახებ საზოგადოება და მასმედიის წარმომადგენლები ახლო მომავალში შეიტყობენ" - ნათქვამია აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში არ იცოდნენ, ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, ომბუდსმენმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოითხოვა თუ არა ვიდეოჩანაწერები. სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახურში ტაბულას ამ კითხვაზე პასუხი ვერ გასცეს.

ამასთან, სასჯელაღსრულების სამინისტროში არ იციან, არსებობს თუ არა ის ვიდეოჩანაწერები, რომელსაც ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ითხოვს. სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი კორძაია ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალური წერილი ვიდეოჩანაწერების მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არ შესულა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ომბუდსმენის აპარატში აცხადებდნენ, რომ უჩა ნანუაშვილი დღეს, 23 ნოემბერს მიმართავდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და ვიდეოფირებს გამოითხოვდა.

მანამდე, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა თქვა, რომ კადრები ავტომატურ რეჟიმში 10 დღეში იშლება და ეს საკითხი არა მას, არამედ სამინისტროში არსებულ IT დეპარტამენტს ეხება. 19 დეკემბერს მინისტრმა განაცხადა, რომ არ იცის, წაიშლება თუ არა ვანო მერაბიშვილის საპყრობილიდან გაყვანის ამსახველი ჩანაწერები.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან 10-17 დეკემბრის ამსახველი უწყვეტი ვიდეომასალა გამოითხოვა. შესაბამისად, თუ სასჯელაღსრულების სამინისტროს IT სამსახური ამ შემთხვევაშიც დადგენილი წესით ხელმძღვანელობს, მერაბიშვილის განცხადებაზე მოთხოვნილი ჩანაწერების ნაწილი უკვე წაშლილი უნდა იყოს, ხოლო კონკრეტულად ის კადრები, რაზეც ყოფილი პრემიერი საუბრობს, ამაღამ წაიშლება.

გარდა ამისა, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს განაცხადა, მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს პირადად უთხრა, რომ "მატროსოვის ციხეში" სათვალთვალო კამერები საბადრაგო სამსახურის მიერ მხოლოდ მიმდინარე რეჟიმში დაკვირვებისთვისაა დამონტაჟებული და ვიდეოგამოსახულება არ იწერება.

თუმცა, მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის თემურ დოლიძის თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვიდეოთვალების მუშაობაზე ინფორმაციის ფლობა სასჯელაღსრულების სამინისტროს პრეროგატივაა. დოლიძემ არ დაადასტურა ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება, რომ ოთარ ფარცხალაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა და უთხრა, რომ ე.წ. მატროსოვის ციხეში ვიდეოჩაწერა არ ხდება.

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილმა მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, 13 დეკემბერს, გვიან ღამით, 2-ის ნახევარზე, ის გაიყვანეს ციხიდან, ჩასვეს მანქანაში, თავზე გადააფარეს თავისივე მოსაცმელი და წაიყვანეს, მერაბიშვილის ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. მან ინფორმაციის გადამოწმების გზად ვიდეოჩანაწერების ამოღება დაასახელა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, კადრების გადაცემას, ასევე, გამოძიების პროცესში, სასჯელაღსრულების მინისტრისთვის და მთავარი პროკურორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.

დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის მიმართ სასჯელაღსრულების #9 დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

კომენტარები