ოთარ ფარცხალაძის საქმე

კახიშვილი ფარცხალაძეზე: არ აქვს მნიშვნელობა გაქარწყლებული აქვს თუ არა დანაშაული

ფარცხალაძესთან დაკავშირებული ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილი იყო. ამის შესახებ ექსპერტმა კახი კახიშვილმა განაცხადა.

კახიშვილის თქმით, ის გაოცებული დარჩა ხელისუფლების რეაქციით. „განაჩენი უნდა იყოს შესწავლილი, იმიტომ რომ შეგვიძლია განაჩენი ავიღოთ და თქვენ იცით, რომ არაერთი საშუალება არსებობს ტექნიკური, არა მხოლოდ თეთრზე შავით გადაწერო და სხვა გვარი ჩაწერო, არამედ ფოტომონტაჟი, ვიდეოკოლაჟი და ათასი რაღაც გააკეთო ადამიანის დისკრედიტაციისთვის. ამიტომ მე ვიფიქრე, რომ ხელისუფლების რეაქცია უნდა ყოფილიყო ასეთი: ჩვენ შევისწავლით“, - განაცხადა კახიშვილმა.

მისი თქმით, არსებობს ორი განაჩენი: ერთი, სადაც მთავარი პროკურორი ყაჩაღობაზეა გასამართლებული და მეორე, რაზეც ფარცხალაძე თვითონ მიუთითებს, სადაც პოლიციელის ცემაზეა გასამართლებული. მისივე თქმით, უნდა გაირკვეს რომელი განაჩენია ნამდვილი. „იქნებ თვითონვე საზოგადოებას მიაწოდოს ის ნამდვილი ინფორმაცია, რისთვის იყო გასამართლებული, თორემ ამ თემაზე ლაპარაკი არ შეწყდება. გამორიცხულია“, - განაცხადა კახიშვილმა.

მისივე თქმით, მთავარი პროკურატურა არის ის დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას ყველა იმ უწყებაზე, სადაც ტარდება გამოძიება. ამავდროულად, მთავარი პროკურატურა განსაზღვრავს სისხლის სამართლის პოლიტიკას და კოორდინაციას უწევს სხვა უწყებებს დანაშაულთან ბრძოლაში. ამიტომ „ მისი პირველი პირი უნდა იყოს აბსოლუტურად სუფთა კანონთან მიმართებაში და არ აქვს მნიშვნელობა გაქარწყლებული აქვს თუ არა ეს დანაშაული“.

კომენტარები